ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ოთარ დანელია: მიმდინარე კვირა, მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით, რისკის შემცველია

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ოთარ დანელიას შეფასებით, მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ერთი კვირის ვადაშიც კი რისკებს შეიცავს.

მისი თქმით, პროცედურულად სასურველი იყო, რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო, მინიმუმ ინაუგურაციამდე.

„რისკები არსებობს. მიმდინარე კვირა შეიძლება შეფასდეს, როგორც რისკიანი. 16 დეკემბრიდან ძალაში ახალი კონსტიტუცია შედის, რომელიც უცხოეთის მოქალაქეებზე მიწის საკუთრებას კრძალავს. ეს კვირა რისკია და საზოგადოების პროტესტი მესმის. პირადად მე ამ პროტესტს ვუერთდები. პროცედურულად სასურველი იყო, რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო, მინიმუმ ინაუგურაციამდე, რაც თავიდან ბევრ პრობლემას აგვაცილებდა. მორატორიუმი აუცილებელი იყო”, – განაცხადა დანელიამ და აღნიშნა, რომ იმ ადამიანების პროტესტს უერთდება, ვინც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

შეგახსენებთ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებასთან დაკავშირებით დაწესებული მორატორიუმი 7 დეკემბერს არაკონსტიტუციურად გამოაცხადა, თუმცა პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, რომლის თანახმადაც,  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსი, შეიძლება იყოს მხოლოდ სახელმწიფოს, თვითმმართველი ერთეულის, საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქეთა გაერთიანების საკუთრებაში. პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერსაა დაგეგმილი.

იტვირთბა....