“ის დიპლომატია და უნდა მოიქცეს შესაბამისად, მან თავისი მოსაზრებები უნდა გამოთქვას დიპლომატიის ფარგლებში… მას ნერვებმა უმტყუნა, აფეთქდა და ხელების ფათური დაიწყო გერმანიის შიდა საქმეებში” – აი ასე შეაფასა გერმანულმა გამოცემა BILD-მა, გერმანიაში ლიტვის ელჩის, დარიუს სემაშკის განცხდება, გერმანიის ხელისუფლების რბილ პოზიციაზე რუსეთის მიმართ ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
ლიტვის ელჩი კი დარწმუნებულია, რომ გერმანიის ხელისუფლების პოზიცია ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სხვა არაფერია, თუ არა შეცდომა.
“ამ კონფლიქტში რუსული მხარე არის აგრესორი. რუსეთი დაესხა თავს გემებს და არა პირიქით. ასე რომ, მე ვთვლი, გერმანიის ხელისუფლების ასეთ დამოკიდებულებას დიდ შეცდომად. ცალსახაა, რომ რუსულმა მხარემ დაარღვია საერთაშორისო სამართალი” – აცხადებს BILD-თან ინტერვიუში დარიუს სემაშკი.
მისი თქმით, დროა ბერლინი მიხვდეს, რომ კრემლი დასავლეთში ეწევა ომს ხალხის აზროვნებისა და გულების დასაპყრობად.
“კრემლი ყოველთვის იყენებს და არგებს დასავლური კომპანიების ეკონომიკურ ინტერესებს საკუთარ ინტერესებს იმისათვის, რომ საკუთარი მსოფმხედველობის პროპაგანდა მოახდინოს, ცდილობს რა საკუთარი მესიჯებით შეაღწიოს ადამიანების თავებში” – აცხადებს ლიტვის ელჩი, რომელიც დარწმუნებულია, რომ გერმანულ საზოგადოებაში შექმნილი ძველმოდური აზროვნება რუსეთზე, როგორც პარტნიორ ქვეყანაზე, ილუზია და მცდარი შეხედულებაა.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ უკვე გავრცელდა ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პოზიცია ქერჩში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლიტვის მხარე მოითხოვს ახალ, გამკაცრებულ სანქციებს კრემლის მიმართ, რადგან, როგორც ბალტიისპირელი დიპლომატები თვლიან, რუსეთი თავისი პოლიტიკით საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ლიტვის უსაფრთხოებასაც.