ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის გაუქმება ამ ინსტიტუტის მიზანმიმართული დასუსტებაა”

პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტში ცვლილებებს, სარეზერვო ფონდის გაუქმებასა და დაფინანსების შემცირების საკითხს პრეზიდენტის ინსტიტუტის მიზანმიმართული დასუსტებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი უწოდებს.

„ამ საკითხზე მსჯელობენ ის ადამიანები, ვისაც არანაირი შეხება პრეზიდენტის ინსტიტუტთან არ ჰქონდა.

სარეზერვო ფონდიდან მარტო ამ წლების განმავლობაში, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პირობებში 400-ზე მეტი პროექტი დაფინანსდა, რომელიც შეეხებოდა დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობას, სამოქალაქო ინსტიტუტების გაძლიერებას, სახელმწიფო ინსტიტუტების დაცულობას, სახელმწიფო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებას, სოფლებში ყოფითი პირობების გაუმჯობესებას, სოფლის ბიბლიოთეკების დაფინანსებას, მათ შორის მთელი რიგი სოციალური პროექტების დაფინანსება.

ამ ყველაფერს პრეზიდენტი მარგველაშვილი ახორციელებდა სწორედ პრეზიდენტის ფონდიდან.

ახლა შემდგომი პრეზიდენტი სრულიად გაურკვეველია, როგორ განახორციელებს მსგავსი ტიპის ინიციატივებს, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანი იყო ჩვენ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის“, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში მიმდინარეობდა პრეზიდენტის ინსტიტუტის მიზანმიმართული დასუსტება, ამის კულმინაცია იყო სწორედ უშიშროების საბჭოს გაუქმება და პრეზიდენტის ადმინისტრაციის გაქრობა საქართველოს კონსტიტუციიდან.

„ახლაც დევს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კანონის პროექტი პარლამენტიდან შემოსული, სადაც პრეზიდენტს დამოუკიდებლად აღარ შეუძლია სახელმწიფო ჯილდო მიანიჭოს პირს, მან აუცილებლად ამის შესახებ უნდა ჰკითხოს მთავრობას და საქართველოს პარლამენტს.

ეს პროცესი შეუქცევადად გრძელდებოდა და ეს ინიციატივაც კიდევ ერთხელ არის დასუსტება პრეზიდენტის ინსტიტუტის“, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება 3 მილიონ 800 ათასი ლარით მცირდება, რაც არსებული ბიუჯეტის დაახლოებით 40 %-ია. ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიხედვით, ადმინისტრაციის დაფინანსება სულ 6 მლნ ლარი იქნება.

იტვირთბა....