ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გიორგი გახარიამ 365 მართლწერის ოფიცერი წარადგინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კონკურსის წესით, 365 მართლწესრიგის ოფიცერი შეარჩია. მართლწესრიგის ოფიცრები უწყების ხელმძღვანელმა გიორგი გახარიამ წარადგინა.

„დღეს თითოეული ჩვენგანისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში უკვე ერთი წელია, მიმდინარეობს სისტემური განახლების რეფორმა და თქვენ ხართ პირველი რეალური პრაქტიკული ნაბიჯი ამ რეფორმის განხორციელებაში. თქვენი ფუნქცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი – ზრუნვა თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე. მოგეხსენებათ, რომ შსს-ს სისტემური განახლების რეფორმის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის კრიმინალური პოლიციის რეფორმა, კონკრეტულად კი მისი სპეციალიზაცია საუბნო, საგამოძიებო და ოპერატიული მიმართულებით. თქვენი პირველი ნაბიჯები იმ ხიდის აღდგენა და გამყარება, რომელსაც ჰქვია ნდობა პოლიციასა და მოქალაქეებს შორის. თქვენი ყველაზე დიდი მიზანი გახლავთ – იზრუნოთ ჩვენს მოქალაქეებზე, ყველაზე დიდი მისია კი – პრევენცია, რათა თავიდან ავირიდოთ დანაშაული“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, სწორედ ეს ღირსეული ფუნქცია უნდა შესრულდეს უაღესად ეფექტურად და ამაზე იქნება დამოკიდებული მშვიდი და უსაფრთხო გარემო ჩვენს ქვეყანაში.

„მინდა მოგახსენოთ, რომ მართლწესრიგის ოფიცერი არის თანამედროვე მიდგომების ყველაზე მაღალი საფეხური საპოლიციო მომსახურებაში. ეს არის ის კომპონენტი, რომელზეც ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოება უნდა იყოს დამყარებული. თქვენ უნდა მოიპოვოთ ისეთი ხარისხის ნდობა, რომ თითოეული ოჯახი აღგიქვამდეთ მათზე მზრუნველ მეგობრად. ეს არის უდიდესი ღირსება და მსახურება და მინდა გისურვოთ ამაში წარმატება.

ასე მინდა გითხრათ, რომ კრიმინალური პოლიცია, მთლიანად შსს ყოველდღიურად თვალყურს ადევნებს თქვენს განვითარებას, თქვენს წარმატებას. ჩვენს მოქალაქეებთან ერთად, დარწმუნებული ვართ, რომ თქვენი პირველი ნაბიჯები იქნება წარმატებული და ღირსეული. კიდევ ერთხელ გილოცავთ და მინდა გისურვოთ ღირსეული მსახურება, ამ ქალაქისა და ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

იტვირთბა....