არჩევნები ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კარგი იქნება თუ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მივაღწევთ” – უსუფაშვილი

“შენების მოძრაობის” ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა პარტიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მან არაერთხელ მიმართა ხელისუფებასა და პრეზიდენტს ეზრუნათ პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად

ის მხარს უჭერს გაერთიანებული ოპოზიციის მოთხოვნას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, თუმცა აცხადებს, რომ თუ ეს მოთხოვნა არ შესრულდება 2020 საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადება.

„რაც შეეხება მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, მე არაერთხელ მივმართე ქვეყნის ხელისუფლებასაც და საპრეზიდენტო კანდიდატებსაც მეორე ტურის წინ, რომ მათ ეხელმძღვანელათ სახელმწიფო ინტერესებით და ეზრუნათ შეთანხმებისთვის ერთ წელიწადში პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად. ეს იქნებოდა ყველაზე სწორი გამოსავალი პოლიტიკური კრიზისიდან და ქვეყანას სწორ გზაზე დააყენებდა, მაგრამ ამგვარი საკითხები შეთანხმებებით მიიღწევა. სამწუხაროდ, ამისთვის არც ერთმა მხარემ არ გადადგა ნაბიჯი არჩევნებამდე, ხოლო არჩევნების შემდეგ ამ საკითხში პროგრესის მიღწევა კიდევ უფრო გართულდა. ეს კი კიდევ უფრო გაართულა ყოფილი პრეზიდენტის პოსტსაარჩევნო ტაქტიკურმა ნაბიჯებმა, ამიტომ ჩვენი მხრიდან პროპორციული საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა, ამ არჩევნებისადმი მხარდაჭერა რჩება ძალაში, მაგრამ ჩვენ ვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ანუ ვითხოვთ უკეთესს, მაგრამ მზად ვიქნებით უარესისთვის. ჩვენი საქმიანობა მიმართული იქნება იქითკენ, რომ რაც შეიძლება მალე გამოვკვეთოთ ის გუნდი, რომელიც საპარლამენტო საარჩევნო პროცესში გადაიყვანს პოლიტიკურ პარტიას. ძალიან კარგი იქნება თუ მივაღწევთ ვადამდელ არჩევნებს, მაგრამ თუ ვერ მივაღწევთ უნდა ვიყოთ მზად 2020 წელს წარმატებისთვის“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. წინასწარი მონაცემებით საქართველოს მეხუთე ქალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეყოლება.

იტვირთბა....