ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია იქნება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მართლამდიდებელი ეკლესიის პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია იქნება. ამის შესახებ ინფორმ  მან ტვ “იმედს” ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ დაუდასტურა.

მისი თქმით, პატრიარქთან შეთანხმებით ტოვებს ამჟამინდელ თანამდებობას და არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაინაცვლებს.

“არჩეულმა პრეზიდენტმა მიმართა დღეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, რომ დამნიშნოს მე ადმინისტრაციის უფროსად.

წინასწარი თანხმობა პატრიარქისგან არჩეულმა პრეზიდენტმა მიიღო. ახლა შევხვდი მის უწმინდესობას მომცა ლოცვა-კურთხევა, რომ დავტოვო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობა და დავეხმარო ახლად არჩეულ პრეზიდენტს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში”, – აღნიშნა ჟვანიამ.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისას ლაშა ჟვანია სალომე ზურაბიშვილის შტაბში მუშაობდა.
ლაშა ჟვანია ედუარდ შევარდნაძისა და შემდეგ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში რამდენიმე მაღალ თანამდებობას იკავებდა.

2002–2003 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო. ამავე პერიოდში იყო საქართველოს ანტიკორუფციული საბჭოს მუდმივი წევრი.

2003 წლის ნოემბრიდან ლაშა ჟვანია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, სალომე ზურაბიშვილის მოადგილე იყო. 2005 წლის მარტიდან დაინიშნა საქართველოს ელჩად ისრაელსა და კვიპროსში. 2008 წლის ივნისიდან ლაშა ჟვანია საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. 2008 წლის 10 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებით, ის საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრად დაინიშნა, საიდანაც 2009 წლის 21 აგვისტოს გაათავისუფლეს.

იტვირთბა....