“რუსთავში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები მასობრივად ცდილობენ ხელმეორედ ხმის მიცემას”, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
ჩუგოშვილის თქმით, ეს არის მძიმე კანონდარღვევა და რეაგირება მოჰყვება.
„მინდა, გამოვეხმაურო რუსთავში უკვე მასობრივ ფაქტებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლების მიერ ხელმეორედ ხმის მიცემის მცდელობებს. ჩვენ უკვე მოგაწოდეთ ინფორმაცია იმ უბნებისა და პირების შესახებ, რომლებსაც ასეთი მცდელობები ჰქონდათ. ამას ემატება რუსთავის 39-ე უბანზე მერი მამალაძის მიერ მცდელობა, ხელმეორედ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა. ეს არის მძიმე კანონდარღვევა და შესაბამისად, ამაზე იქნება რეაგირება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.