საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აგვისტოს ომი ის თემაა, რომელიც ერთდროულად ტრაგედიად და წმინდა თემად უნდა დარჩეს და ხედვა ამ საკითხის მიმართ უნდა იყოს ერთიანი.
პრეზიდენტის თქმით, ეს არ უნდა იყოს ყოველდღიურად სასაუბრო თემა, მაშინ როცა უამრავი საკითხია განსახილველი.
“საქართველოს პრობლემა, აგვისტოს ომის თემაზე, იმ სასამართლოებში, რომელიც შემდგარია, არ აქვს. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა გავუფრთხილდეთ ამ საკითხს, თუმცა ეს არ უნდა იყოს ყოველდღიურად სასაუბრო თემა, რამდენი საკითხი შეგვიძლია განვიხილოთ, სკოლა, შახტა, ჯანდაცვა, უმუშევრობა, ლარის კურსი, რამდენი თემაა, რომელზეც შეგვიძლია ვისაუბროთ და მაინცდამაინც 2008 წლის ომი და ისეთი ტერმინები, როგორიცაა, ქალაქის დაბომბვა და ა.შ…. მაინცდამაინც ამაზე უნდა ვისაუბროთ? მე არ ვამბობ რომელიმე კანდიდატზე, ხომ უნდა იყოს რაღაც, გამაერთიანებელი რაც ყველასთვის რჩება ტრაგედიად და წმინდა თემად, ერთდროულად? დამიჯერეთ, ძალიან ბევრი საკრიტიკო გვაქვს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა, ინგა გრიგოლიას გადაცემა “რეაქციაში”.