თბილისის საქალაქო სასამართლოში ბუტა რობაქიძის მკვლელობისას ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმის განხილვა დასრულდა.
პროცესზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა ერთ-ერთი ბრალდებული, ირაკლი ფირცხალავა, რომელმაც მოსამართლეს წერილობით აცნობა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლებდა პროცესზე გამოცხადებას.
ფირცხალავას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბრალდების მხარის დასკვნითი სიტყვა გადაეგზავნება.
ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალდებულია 5 პირი.
ერთ-ერთი ბრალდებული, კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძე 30 მარტს, 5 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.