ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პარლამენტი “ქართველოფობიის აღმოფხვრაზე” საკანონმდებლო წინადადებას განიხილავს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი განიხილავს საკანონმდებლო წინადადების, რომელიც “ქართველოფობისა და ქართველთა ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრას” ეხება.

“ნეტგაზეტის” ინფორმაციით, პარლამენტმა მოქალაქე მზია ჯღარკავას მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების განხილვისთვის დამატებით, ერთთვიანივადა მოითხოვა.

წამყვანი კომიტეტის მიერ საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა 20 ნოემბერს იწურებოდა, თუმცა კომიტეტი აცხადებს, რომ “საკითხის სრულყოფილად დამუშავების მიზნით მიმდინარეობს კონსულტაციები და პოზიციების შეჯერება, რაც დამატებით მოითხოვს გარკვეულ დროს”. პარლამენტის ბიურომ საკანონმდებლო წინადადების განხილვის ვადა 30 დღით გაახანგრძლივა.

საკანონმდებლო წინადადების თანახმად, სახელმწიფო:

– იღებს გადაუდებელ ზომებს აღზრდის, სწავლების, კულტურისა და ინფორმაციის სფეროებში, რომლის მიზანია ქართველოფობიის გამომწვევი ცრურწმენების აღმოფხვრა;

-იღებს ზომებს ქართველების ასიმილაციური პოლიტიკის წინააღმდეგ;

-იღებს ეფექტურ ზომებს განათლების, კულტურის და მასმედიის სფეროში ქართული ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბების, ეროვნული ფასეულობებისა და თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის და დაცვისთვის;

– უზრუნველყოფს ქართველთა დემოგრაფიულ უსაფრთხოებას და შეიმუშავებს ქართველთა დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფო პროგრამას.

ამასთანავე,  პარლამენტმა უნდა შექმნას ქართველოფობიისა და ქართველთა ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის საბჭო, რომელიც განიხილავს საჩივრებს, განცხადებებს, სტატისტიკურ თუ სხვა ინფორამციას და რეაგირებას მოახდენს მათზე. პროექტი ასევე ითვალისწინებს სახალხო დამცველის ზედამხედველობას ქართველოფობიისა და ქართველთა ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით რასობრივი დისკიმინაციის აღმოფხვრაზე.

როგორც საკანონმდებლო წინადადების განმარტებით ბარათში წერია, ბოლო ორ ათწლეულში განხორციელდა ქართველთა არაერთი ეთნოწმენდა და დღემდე მიმდინარეობს ქართველთა უფლებების შელახვა  ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მხრიდან.

ქართველოფობიად არის განხილული ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში გამორჩეულად ქართველების კრიმინალურ საქმიანობასთან დაკავშირება, მაშინ როდესაც საქართველოს მოქალაქეები დანაშაულის ჩამდენ სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის პირთა ოცეულშიც კი არ ხვდებიან.

“მასმედიასა და სოციალურ ქსელებში ხშირია ქართველოფობიური განცხადებები, რომლებზეც არ ხდება სათანადო რეაგირება. ქართველოფობიური განწყობებითა და ქმედებით გამოირჩევიან არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, ძირითადად, უცხოეთიდან დაფინანსებული, რომლებიც იბრძვიან ქართული ეროვნული იდენტობის, თვითმყოფადობის ძირითადი ელემენტების, განსაკუთრებით, რელიგიისა და ტრადიციების წინააღმდეგ. აღნიშნული არასამთავრობო ორგანზაციებისთვის არ არის პრიორიტეტული ეთნიკური ქართველების ინტერესების დაცვა, უფრო მეტიც, იცავენ სხვა ჯგუფების ინტერესებს ეთნიკური ქართველების ხელყოფის ხარჯზე”, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

იტვირთბა....