არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას…” – “თავისუფალი დემოკრატები” განცხადებას ავრცელებენ

“თავისუფალი დემოკრატები” მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

2013 წლის ნოემბრიდან ამოქმედებული საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები აღარ წარმოადგენს სახელისუფლებო არჩევნებს, ანუ – არჩევნებს, რომელიც იწვევს პოლიტიკურ ძალთა ბალანსის შეცვლას სახელმწიფო ხელისუფლებაში. მიუხედავად ამისა, პოლიტიკურ ძალთა უკიდურესად პოლარიზების პირობებში, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა ფაქტიურად სახელისუფლებო არჩევნების შინაარსი შეიძინა. ამ არჩევნებში წყდება არა მხოლოდ საკითხი, თუ ვინ ჩაუდგება სათავეში საპრეზიდენტო ინსტიტუტს, რომელიც არ წარმოადგენს სახელისუფლებო შტოს, არამედ, უმთავრესად – საკითხი იმის შესახებ, თუ „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ორი პოლიტიკური პოლუსიდან, რომელი გაიმარჯვებს ამ არჩევნებში და შესაბამისად, რომელი მათგანი შეძლებს ისარგებლოს ამ გამარჯვებით საპარლამენტო, ანუ უკვე სახელისუფლებო არჩევნებში გამარჯვებისათვის.

შექმნილ ვითარებაში, მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებში პოზიციონირება საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ თუ პოლიტიკურმა სუბიექტმა უნდა მოახდინოს ქვეყნის მომავალი სახელისუფლებო პოლიტიკური ძალის არჩევანზე პასუხისმგებლობის თვალსაზრისით.

„თავისუფალ დემოკრატებს“ ქვეყნის ინტერესებისათვის სასარგებლოდ არ მიგვაჩნია არც „ქართული ოცნების“ მიერ ხელისუფლების შენარჩუნება და არც „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში. შესაბამისად, ჩვენ არ გამოვხატავთ მხარდაჭერას არც ერთი ამ პოლიტიკური ძალის კანდიდატის მიმართ და ვერც საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ რომელიმე მათგანის მხარდაჭერისაკენ.

ჩვენი ამგვარი პოზიცია ქვეყნის განვითარების ინტერესებით არის ნაკარნახები.

საქართველოს დემოკრატიულ სახელმწიფოდ განვითარებისათვის, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში მისი სრულფასოვანი ინტეგრაციისათვის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს სახელმწიფოში ინსტიტუციური მმართველობის ჩამოყალიბება, ინსტიტუციებს შორის სახელმწიფო ძალაუფლების განაწილებისა და ინსტიტუციების ურთიერთკონტროლის პრინციპის შესაბამისად. მხოლოდ ასეთი სახელმწიფოა მაქსიმალურად დაცული ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის თუ ცალკეული პერსონების არასათანადო გავლენებისაგან; ასეთი სახელმწიფო ემსახურება მთლიანად ქვეყნის და არა მმართველი პოლიტიკური ძალის ინტერესებს; ასეთ სახელმწიფოშია უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, კანონის უზენაესობა და ყველასთვის ერთი სამართალი.

სწორედ ამ მოთხოვნას ვერ უპასუხა თავის დროზე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ, რომელმაც მართალია გააძლიერა და ქმედითი გახადა სახელმწიფო ინსტიტუტები, მაგრამ ისინი სრულად დაუქვემდებარა საკუთარ პოლიტიკურ კონტროლს. შედეგად, ქვეყანაში ხელისუფლების ძალმომრეობა და ტოტალური უსამართლობა გაბატონდა, რაც გახდა კიდეც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების მიზეზი.

იგივე შეცდომა დაუშვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ. მანაც ვერ თქვა უარი საბჭოური ტიპის პარტოკრატიულ მართვაზე და საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცია სახელმწიფო ინსტიტუციები. სწორედ ამან განაპირობა ამ ხელისუფლების კრახიც, რაც დღეს სახეზეა.

ამგვარად, არც „ნაციონალურ მოძრაობას“ და არც „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნიათ რესურსი, რომ უპასუხონ საქართველოს დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოდ განვითარების უპირობო მოთხოვნას – სახელმწიფოს ინსტიტუციური მმართველობის ჩამოყალიბებას. მათ ეს ვერ შესძლეს მმართველობის შესაბამისად 9 და 6 წლიან პერიოდებში. ისინი ამ მოთხოვნის საწინააღმდეგო წესრიგით მოწყობილ პოლიტიკურ ძალებს წარმოადგენენ მთელი თავიანთი მენტალიტეტით, ინფრასტრუქტურით და მოლოდინებით, რომლებსაც აჩენს საკუთარ მხარდამჭერებში, რაც გამორიცხავს მათ მიერ მომავალში ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამ ორივე ძალის ლიდერები, მიხეილ სააკაშვილიც და ბიძინა ივანიშვილიც, აბსოლუტურ ძალაუფლებაზე ორიენტირებული პერსონები არიან, რაც შეუთავსებელია დემოკრატიასთან.

ამგვარად, „თავისუფალი დემოკრატები“ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას ვერც „ნაციონალური მოძრაობის“ და ვერც „ქართული ოცნების“ მომავალ საქმიანობაზე და შესაბამისად, ვერ მოვუწოდებთ ჩვენს მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნებში რომელიმე ამ პოლიტიკური ძალის კანდიდატის მხარდაჭერისაკენ.

საჭიროდ მიგვაჩნია აღვნიშნოთ, რომ ქვეყნის დემოკრატიული და სტაბილური განვითარებისათვის არ იქნება სასარგებლო საპარლამენტო არჩევნების კონსტიტუციურ ვადაზე ადრე ჩატარება. დღეს სახეზე არ არის საპარლამენტო არჩევნების ვადაზე ადრე ჩატარების არც ობიექტური საჭიროება და არც კანონიერი საფუძველი.

ბოლოს, გვინდა მივმართოთ ხელისუფლებას:უზრუნველყოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სამართლიანად და მშვიდობიანად ჩატარება. არჩევნებში ობიექტურად დაფიქსირებული ნებისმიერი შედეგი, მეორე ტურში მონაწილე რომელი პოლიტიკური ძალის სასარგებლოც არ უნდა იყოს ის, მიიღოს ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებად და არავითარ შემთხვევაში არ შეეცადოს მის დამახინჯებას;

მაქსიმალურად სწრაფად დააყენოს პარლამენტში საკითხი მომავალი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარების შესახებ. ეს ერთის მხრივ, უპასუხებს პოლიტიკური სპექტრის და სამოქალაქო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის მოთხოვნას და რაც მთავარია, ხელს შეუწყობს ამომრჩევლის ნების პროპორციულად, სამართლიანად ასახვას არჩევნების შედეგებში.

 

იტვირთბა....