“მოლაპარაკებები ძირითადად მოთამაშეებთან, ამ ეტაპზე, დასრულდა და ვალების გასტუმრება დეკემბრიდან დაიწყება”, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა გადაცემა “არჩევანის” ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, “ვივუსთან” შეთანხმება ვერ შედგა პირველ ეტაპზე, თუმც ფონდი “ქართუ” მოლაპარაკებებს აგრძელებს.
მაჭავარიანის თქმით ტყუილია ინფორმაცია, რომ შაბათს ერთ-ერთიო საფინანსო ორგანიზაციის დირექტორი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დაიბარა, მიზერულ თანხად პრობლემური სესხების ქართუ ბანკისთვის გადაბარება მოსთხოვა, უარის შემთხვევაში კი სანქციებით დაემუქრა.
კითხვაზე, აძლევს თუ არ გარანტიას მოსახლეობას, რომ ვალების განულების დაპირება შესრულდება, მიუხედავად იმისა, არჩევნებში ვინ გაიმარჯვებს, ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ “გარანტიის მიცემა არაფერზე არ შეიძლება”, თუმცა, დარწმუნებულია, რომ ეს დაპირება შესრულდება.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა მილიარდნახევარ ლარს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქეს უნდა ჩამოეწეროს, სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი „ქართუ“.
3 დეკემბერს მოქალაქეებს სპეციალურად შექმნილ საიტზე შეეძლებათ ნახონ, არიან თუ არა ისინი სესხის განულების სიაში.
ამავე თემაზე: რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომ ვალი გაუნულდეს