ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ვალების განულებისა და ე.წ. შავი სიიდან ამოშლის პროექტის განხორციელება ფონდი “ქართუს” დამსახურებაა.
როგორც მან გადაცემა “არჩევანის” ეთერში აღნიშნა, შეიქმნება ვებგვერდი, რომლის საშუალებითაც, ადამიანს ექნება შესაძლებლობა გაარკვიოს, შეეხო თუ არა მას ვალების განულების პროექტი.
„ჩვენ ვაღიარებთ, რომ იყო არასწორი წესები, ვაღიარებთ, რომ ამ წესების გამო დაზარალდა ეს მოსახლეობა. ეს წესები, მგონი, გაჩნდა 2007 წლიდან, როდესაც მაშინდელმა ხელისუფლებამ ზედა ზღვარი მოხსნა და პრაქტიკულად, ამან გაუხსნა გზა სრულად უკონტროლო მოვლენას და ჭარბვალიანობამ მიიღო ისე მასშტაბები, რომ რეალურად პოტენცია ჰქონდა, რომ მაკროეკონომიკური საფრთხეც შექმნოდა ქვეყანას. აქ არ იყო მარტო საუბარი, რომ კონკრეტული ადამიანები არიან ცოდო და მათ მდგომარეობაში შევიდეთ, მაკროეკონომიკურადაც კი რისკის შემცველი იყო ეს მომენტი და ეს აისახა ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთ მიმოხილვამდე,“ – განაცხადა ივანე მაჭარავარიანმა.
მაჭავარიანის თქმით, ჯერ კიდევ აგვისტოში პრემიერმა მთავრობის სხდომის წინ ე.წ. შავ სიაზე ისაუბრა და დაანონსა, რომ შემოდგომაზე მთავრობა წინადადებას შესთავაზებდა მოსახლეობას.
„ინტენსიური მუშაობა და ფიქრი, თუ როგორ შეიძლებოდა, ეს პრობლემა გადაჭრილიყო, დაიწყო, პრაქტიკულად, ვიტყოდი გაზაფხულიდან და ასევე წინასწარ იყო დაანონსებული შემოდგომა. ეს რომ არჩევნებს უკავშირდებოდეს, პირველ ტურამდეც შეიძლებოდა მოსწრება, თუ მაისიდან ეს პროცესი მიმდინარეობდა,“ – განაცხადა მაჭავარიანმა და აღნიშნა, რომ ამის მიბმა არჩევნებზე „თითიდან გამოწოვილია“.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა მილიარდნახევარ ლარს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქეს უნდა ჩამოეწეროს, სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი „ქართუ“.
3 დეკემბერს მოქალაქეებს სპეციალურად შექმნილ საიტზე შეეძლებათ ნახონ, არიან თუ არა ისინი სესხის განულების სიაში.
ამავე თემაზე: რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს პირი, რომ ვალი გაუნულდეს