ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ბ.გ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით.
წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2017 წლის 25 დეკემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი ჩხუბის დროს, ბ.გ. – მ განზრახ მოკვლის მიზნით, დანის გამოყენებით, ჯ. ვ. – ს გულმკერდის არეში მიაყენა შემავალი ჭრილობა. დაჭრილი პირი დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს.
სამართალდამცველებმა ბ.გ. 2017 წლის 26 დეკემბერს, ქალაქ ქობულეთში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბ. გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.