დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ჭარბვალიანობა საკმაოდ სერიოზული პრობლემაა.
მისივე თქმით, ამაზე საუბრობდა პარტიის თავმჯდომარე, როდესაც ის დაბრუნდა პოლიტიკაში.
„ჭარბვალიანობის პრობლემის გადაჭრაზე დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით. ამაზე საუბრობდა პარტიის თავმჯდომარე, როდესაც ის დაბრუნდა პოლიტიკაში, ამაზე საუბრობდა იუნისეფი-ს დასკვნაც, რომელიც იცის საზოგადოებამ. მამუკა ბახტაძის ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს იყო ამაზე საუბარი. მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ბანკებს, რომლებიც ჩართული იყო ამ პროცესში. ძალიან დიდი მადლობა ფონდ „ქართუს“. 600 ათასზე მეტ ადამიანს მიეცემა შესაძლებლობა, რომ ახალი წლიდან ახალი ცხოვრებით იცხოვროს”, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600 000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განმარტა მილიარდნახევარ ლარს, რომელიც ე.წ. შავ სიაში მყოფი 600 000 მოქალაქეს უნდა ჩამოეწეროს, სრულად ფარავს და ყიდულობს ფონდი „ქართუ“.