საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, საქართველოში უმუშევრობის დონე გაიზარდა.
მისი განმარტებით, უმუშევრობა მესამე კვარტალში, მეორესთან შედარებით 0.1 პროცენტით, 12.2 პროცენტამდე გაიზარდა.
საქსტატის ინფორმაციით, 2018 წლის III კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 64.3 პროცენტი შეადგინა. წინა კვარტალთან შედარებით მოსახლეობის აქტიურობის დონე და დასაქმების დონე გაზრდილია 0.3 პროცენტული პუნქტით. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა კვარტალთან შედარებით შემცირებულია 0.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი გაზრდილია 0.9 პროცენტული პუნქტით. აქტიურობის დონე წინა კვარტალთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 1.0 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი. უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით. 2018 წლის III კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით უმუშევრობის დონე სასოფლო დასახლებებში 0.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო საქალაქო დასახლებებში – 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2018 წლის III კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი კაცებში 1.7 პროცენტული პუნქტით აღემატებოდა ქალების შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით ქალებში გაიზარდა 0.9 პროცენტული პუნქტით, კაცებში კი შემცირდა 0.7 პროცენტული პუნქტით.