არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღად არასამუშაო დღე უნდა განისაზღვროს.
მათი განმარტებით, არჩევნების სამუშაო დღეს გამართვა სერიოზულ პრობლემას უქმნის საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს.
“საარჩევნო კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, არჩევნების დღე უქმე დღედ ცხადდება, თუმცა არჩევნების სამუშაო დღეს გამართვა სერიოზულ პრობლემას უქმნის საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. მათთვის განსაკუთრებულად რთულდება საარჩევნო უფლების რეალიზება იმ ვითარებაში, როდესაც არჩევნები სამუშაო დღეს ტარდება, რადგან საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საზღვარგარეთ უქმე დღე არ იქნება;
სამუშაო კვირის შუა პერიოდში არჩევნების გამართვა საქართველოში მცხოვრები მოქალაქეებისთვისაც გარკვეულ დაბრკოლებას წარმოადგენს, რადგან ხშირ შემთხვევაში ამომრჩეველს საკუთარი რეგისტრაციის ადგილზე სჭირდება მისვლა, რაც ხშირად ერთი ქალაქიდან მეორეში გადაადგილებას გულისხმობს, რისთვისაც ერთი სამუშაო დღის უქმედ გამოცხადება საკმარისი არ არის”, – აცხადებენ ხელმომწერი ორგანიზაციები: საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო; სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
ცნობისთვის დღეს, 14 ნოემბერს, 13 საათზე, ცენტრალურ საარჩვნო კომისიაში სხდომაა ჩანიშნუილი. დღის წესრიგით განსაზღვრულია, რომ ცესკო შედეგების შეჯამებასთან ერთად კენჭისყრის თარიღსაც დანიშნავს, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღედ ოთხშაბათი, 28 ნოემბერი განისაზღვრება.
როგორც NGO-ები აცხადებენ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 104-ე მუხლის თანახმად, ცესკო არჩევნების შედეგებს აჯამებს და შემაჯამებელ ოქმს ადგენს კენჭისყრის გამართვიდან არაუგვიანეს მე-20 დღისა, რაც დღევანდელი მოცემულობით 17 ნოემბერს, შაბათს წარმოადგენს. საარჩევნო კოდექსი არ ავალდებულებს ცესკოს შედეგები შეაჯამოს და გამოაცხადოს საარჩევნო დავების დასრულებისთანავე.