ახალი ამბები ვიდეო კულტურა მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ქართველმა მომღერალმა, მირანდა მირიანაშვილმა პარიზში კრიტიკოსებიც დაატყვევა (ვიდეო)

პარიზში, Athenee Theatre Louis-Jouvet-ის ცნობილ სცენაზე, რომელიც არასდროს უჩივის ფრანგული ესტრადის ვარსკვლავების სიმრავლეს, ამჯერად, კონცერტი ქართველმა მომღერალმა და არტისტმა, მირანდა მირიანაშვილმა გამართა.

როგორც ცნობილმა ევროპელმა თეატრალებმა აღნიშნეს, ეს იყო პარიზული შემოდგომის ერთ-ერთი შესამჩნევი პრემიერა. “თავისი ღვთიური ხმით მირანდამ დაიპყრო აუდიტორია. ის როცა მღერის, იგრძნობა მისი შინაგანი სამყარო და სულიდან ამომავალი ბგერები” – ასეთი შეფასება გააკეთა კონცერტის შემდეგ ფრანგული თეატრის კორიფემ პატრის მარტინემ.

მირანდა მირიანაშვილმა თბილისის თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა. ის დიდი ხნის განმავლობაში მღეროდა მეგობრების ვიწრო წრეში. დიდება ნელ-ნელა მოდის. ასე იყო მირანდას შემთხვევაშიც, როცა მან მოახერხა და საკუთარი ტალანტი გააცნო ევროპის სხვადასხვა ქალაქების მსმენელს. თბილისი, მოსკოვი, ვენა, ევროპის სხვადასხვა ქალაქები და ახლა უკვე Athenee Theatre Louis-Jouvet.

“ეს ის სცენაა, სადაც თავის დროზე გამოდიოდნენ ედიტ პიაფი, მონსერატ კაბალიე, დალიდა, ჯესი ნორმანი და ახლა მე, ამ სცენაზე 12 ნოემბერს უნდა გავიდე…” – ასეთი კომენტარი გააკეთა კონცერტის წინ ქართველმა ვირტუოზმა.

მირიანაშვილი დეტალებს ყვება, თუ როგორ აღმოჩნდა პირველად ამ ლეგენდარულ სცენასთან.

“ჩვენ კონცერტისთვის დარბაზს ვეძებდით. როგორც კი ამ სცენასთან აღმოვჩნდი, ვიგრძენი, მხოლოდ აქ მინდოდა, მხოლოდ აქ უნდა მემღერა და თანაც ჩავიფიქრე, საღამო აკუსტიკური ნომრით უნდა დამეწყო, მიკროფონის გარეშე, სიმღერაც შესაბამისი შევარჩიე. რა საჭიროა ზედმეტი ტექნიკური აღჭურვილობები, როცა შესაძლებელია მოუსმინო სუფთა ჰანგებს და თანაც სად, იმ ატმოსფეროში, რომელიც მდიდარია თავისი უნიკალური წარსულით” – ამბობს მირანდა მირიანაშვილი.

მირანდას, ისევე როგორც ნებისმიერ კარგ შემოქმედს, კრიტიკოსები არ აკლია. ისინი Athenee Theatre Louis-Jouvet-შიც მრავლად იყვნენ. მან მოხიბლა კიდეც ისინი თავისი რეპერტუარული დიაპაზონით. ბოშური, ქართული, რუსული რომანსები, ასევე ესპანური, იტალიური და ფრანგულის სიმღერების ბუკეტი და რა თქმა უნდა ჯაზი…

მსმენელიც ბევრი იყო და მრავალფეროვანი. უცხოელი სტუმრებისა და მასპინძლების გარდა, მირიანაშვილის კონცერტს ქართველებიც ესწრებოდნენ, მათ შორის იყო საქართველოს პირველი ლედიც.

“მირანდა ახერხებს ფერების სწორად შერჩევას” – ასეთი იყო კონცერტის შემდეგ შეფასებები მსმენელთა შორის. აღსანიშნავია, რომ ქართველი მსმენელების გარდა, რომლებიც მრავლად იყვნენ დარბაზში, ევროპული ბომონდის წარმომადგენლების სიმრავლეც შეინიშნებოდა.

პარიზული ვოიაჟი არის იმ ევროპული ტურნეს პროლოგი, რომელიც 2019 წელს უნდა შედგეს. მას უკვე ძალიან ბევრი უწინასწარმეტყველებს წარმატებას. მიუხედავად იმისა, რომ თავად მომღერლის აზრით, ყველაფერი ახლა წყდება, უნიკალური ფრანგული სცენის სტუმრებმა იმ საღამოსვე აღნიშნეს, რომ Athenee Theatre Louis-Jouvet-ის სცენაზე მისი თბილად დახვედრა, უფრო მეტის ნიშანია.

“მირანდა არის მსოფლიო აუდიტორიის მონაპოვარი. ის უნიკალურია ბოშურ და რუსული რომანსებში, იტალიურ არიებში და რა თქმა უნდა, ფრანგულ სიმღერებში. მას აქვს უნიკალური თვისება – იყოს იმ ქვეყნის, რომელ ქვეყანაშიც მღერის…” – ამბობს ასევე ლეგენდარული ქართველი მომღერალი თამარ ივერი.

“მეტრონომი” დაუკავშირდა ქალბატონ თამარ ივერს, რომელსაც მირანდა მირიანაშვილის შესახებ კომენტარი თხოვა. მისი თქმით, მირანდა თვითნაბადი, ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული ხელოვანია და წინ უზარმაზარი მომავალი ელოდება.

“არსებობენ “გაკეთებული”, ნამუშევარი ხელოვანები, ვისაც ბუნებრივი ნიჭის ნაკლებობა აქვთ და მხოლოდ სპარტანული შრომით აღწევენ წარმატებას. ამ მხრივ, მირანდა არის თვითნაბადი, ბუნებრივი ნიჭის მქონე ხელოვანი, ჯერ კიდევ დაუმუშავებელი ალმასი, უზარმაზარი პოტენციალით და საშემსრულებლო ფანტაზია-იმპროვიზაციით. ის, მისი მუქი, Dark Voice მეცოსოპრანოს მქონე მდიდარი ხმით მთლიანად იხსნება ნაწარმოებში და ძალუძს, თვით უმნიშვნელო რომანსიც კი სხვა კუთხით და საინტერესო, მისეული ინტერპრეტაციით წარმოადგინოს. მას აქვს იშვიათი თვისება… იყოს ფრანგთან ფრანგი, შანსონის მომღერალი, ესპანელთან ესპანური ფლამინგოს სტილის “მუხერ კალიენტე”, რუსებთან…რუსული რომანსის უბადლო შემსრულებელი და ა.შ

ერთი სიტყვით, მას აქვს ნიჭი, იყოს ყველა ერის ხალხისთვის “თავისიანი”. მიხარია, რომ მირანდამ მიიღო დიდ სცენაზე გასვლის რთული გადაწყვეტილება, რასაც მას დიდი ხანია ვურჩევდით. მას ნამდვილად გულით ვგულშემატკივრობდი მის ფრანგულ სადებიუტო კონცერტში და იმედი მაქვს ამ კონცერტს თბილისშიც, ჩვენს ფართო საზოგადოებას წარუდგენს! წარმატებებს ვუსურვებ მომავალშიც!!” – განაცხადა “მეტრონომთან” თამარ ივერიმ.

მოგვიანებით, კომენტარი გააკეთა იტალიელმა მუსიკათმცოდნემ ტერეზა მავიკმა. “მირანდას კონცერტზე ყოფნა ნიშნავს შეხვდე უნიკალურ მუსიკას და თეატრს, ცეკვას და ლოცვას” – ასე აფასებს ქართველ მომღერალს იტალიელი მუსიკათმცოდნე ტერეზა მავიკა.

კონცერტი, რომელმაც მსმენელი აღაფრთოვანა, თითქმის 2 საათი გაგრძელდა. სცენიდან ისმოდა სხვადასხვა ენაზე შესრულებული უნიკალური სიმღერები და რაც მთავარია, შესანიშნავი შესრულებით. კონცერტის ორგანიზატორებმა ამ დაუვიწყარ საღამოს სახელიც შეარქვეს – “ბოშური მელოდიები”, რაც მათივე თქმით, ტყუილად არ შერჩეულა, რადგან პარიზი მონატრებული იყო ბოშურ რომანსებს. ქართველმა ვირტუოზმა პარიზის ბუმბერაზ სცენაზე მსმენელს წარსულიც გაახსენა და ევროპაში, საკუთარი მომავლის, ხვალინდელი  დღის გალამაზებაც შეძლო.

 

იტვირთბა....