თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერია მოსახლეობასთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას.
კალაძის განმარტებით, ზაზა სარალიძისთვის მიწერილ წერილში აღნიშნულია, რომ საახალწლო ღონისძიებები დაგეგმილია დეკემბრის თვეში, შესაბამისად, ის მედიას მოუწოდებს, არ იჩქარონ შეფასებების გაკეთება.
„დედაქალაქის მერიას დაგეგმილი ჰქონდა ღონისძიებები დეკემბრის თვეში, შესაბამისად, წერილში ეს ყველაფერი არის მოცემული, რომ 15 დეკემბერს არის ნაძვის ხის ანთება, რომელიც არის ტრადიცია და ეს კახა კალაძის, ან თბილისის მერიის მოგონილი არ არის, ეს არის ტრადიცია და შესაბამისად, ამ ღონისძიებებს სჭირდება მომზადება, რომელიც იწყება დაახლოებით 7-10 დეკემბრიდან. დღეს არის 12 ნოემბერი, ჩვენ ვსაუბრობთ დეკემბრის თვეზე, დეკემბრის შუა რიცხვებია დაახლოებით, ასე რომ, დაველოდოთ ერთი თვე კიდევ და როდესაც მივალთ დეკემბერში, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას დედაქალაქის მოსახლეობასთან ერთად, რას და როგორ გავაკეთებთ, ძალიან მარტივად”,- აცხადებს კალაძე.