აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“ამ მარცხიან გზაზე რეალობამ სხვა გზა არ დაგვიტოვა” – მალხაზ მაჩალიკაშვილი

შვილმოკლული მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომელიც დღეს მერიიდან მიღებულ წერილს უკავშირდება. მისი განმარტებით, ბრძოლა მან მის შვილს მიუძღვნა, მაგრამ ამ ტრაგედიამ მას უსამართლობა, როგორც ყველას საერთო პრობლემა, დაანახა.

“გუშინდელი დღე ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის განსაკუთრებით მძიმე გამოცდილება იყო. ვუყურებდი პოლიციის კორდონის სხვადასხვა მხარეს მდგომ შვილმკვდარ მშობლებს და ვწუხდი, რომ ჩვენი საზოგადოება ამ მდგომარეობამდე მივიდა. უსამართლობა, რომელიც უნდა გვაერთიანებდეს, დღეს გვყოფს. ტკივილი, რომელიც უნდ გვაერთიანებდეს დღეს პოლიტიკურად გამოყენებულია. საერთოობა, რომელმაც ჩვენ საზოგადოებად უნდა გვაქციოს, დარღვეულია.
გუშინ მინდოდა კორდონის გარღვევა და ამ ადამიანებისთვის და ჩემი თავისთვის კითხვა: როგორ შეიძლება აქამდე მივსულიყავით? მაგრამ ამ დაძაბულ გარემოში ამის თქმა და გაკეთება ვერ მოვახერხე. არ ვიცოდი ვინ როგორ გამიგებდა? სიტყვების თავმოყრაც გამიჭირდა.
მე სამართლიანობის ბრძოლაში მხოლოდ თემირლანის დაკარგვის გამო ჩავერთე. ცხადია, ჩვენს ხალხს ჩეჩნეთში ომის დიდი ტკივილი და მეხსიერება აქვს. მაგრამ ის ჩვენი წარსულის ნაწილია. ყოველდღიურობაში უსამართლობაზე ჩემი ხედვა შეიძლება ესეთი ფხიზელი არ იყო. მაგრამ თემირლანმა ყველაფერი შეცვალა. დღეს ჩემი ბრძოლა თემირლანისთვის მიძღვნილი ბრძოლაა მხოლოდ. მაგრამ ამ ტრაგედიამ და ბრძოლამ უსამართლობა როგორც ყველას საერთო პრობლემა დამანახა. ამ პერიოდში უამრავ ადამიანს შევხვდი, რომელსაც სხვადასხვა დროს და ხელისუფლებების დროს შვილი მოუკლეს, უკანონოდ დასაჯეს, გააღარიბეს, ადამიანობა და ღირსება წაართვეს. ამიტომ დღეს მე სამართლიანობას ვხედავ და მოვითხოვ ყველასთვის და ყოველთვის. მე მწუხარებას გამოვხატავ რობაქიძის, გირგვლიანის და სხვა მოკლული ბიჭების ოჯახების მიმართ. მათი მკვლელობა წინა ხელისუფლების დანაშაული და მძიმე შეცდომა იყო და მე ეს მესმის. მათი ტკივილი ჩემი ტკივილია. ჩემი ტკივილი კი მათი ტკივილი უნდა გახდეს. ამიტომ მგონია, რომ ჩვენ გასაყოფი არაფერი შეიძლება გვქონდეს.
ზაზას და მე არა ერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ ყველა ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერა იმიტომ მოვითხოვეთ, რომ თავად ამ სისტემამ ჩვენს მიმართ სამართლიანობის აღდგენის ნება არ აჩვენა და ჩვენ მისი იმედი და ნდობა სრულად დავკარგეთ. ეს იმედი წინა ხელისუფლების დროს დაკარგეს სხვებმა. მაგრამ დღეს ჩვენი პოლიტიკური რეალობა ისეთია როგორიც არის. ორად გაყოფილი და მტრული. ჩვენ ამ რეალობის მსხვერპლები ვართ და გამოსავალი თითქოს არც ჩანს. უბრალოდ ყველას მინდა ესმოდეს, რომ ზაზას და ჩემი ეს ბრძოლა ინტერესის ბრძოლა არ არის. ეს უიმედო და სიცოცხლეწართმეული ადამიანების ბრძოლაა, რომელსაც სისტემამ სხვა გზა არ დაუტოვა. შეიძლება ეს გზა მარცხიანია, მაგრამ სხვა გზა ჩვენ ამ რეალობამ არ დაგვიტოვა.
შეიძლება ბრძოლების გზები ერთმანეთს გავუკრიტიკოთ, მაგრამ ჩვენ უნდა გვეყოს ძალა ერთმანეთის ტკივილის და საერთო უსამართლობის გაგება შევძლოთ. იქნებ მანდ არის გამოსავალიც”. – წერს მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა თბილისის მერიიდან გაფრთხილების წერილი მიიღეს. მათ გაფრთხილება მიიღეს, რომ იწყება საახალწლო სამზადისი და რუსთაველის გამზირი 7 დეკემბრიდან უნდა გაათავისუფლონ.

იტვირთბა....