აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა სოფელ ატოცში მავთულხლართების მონტაჟთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, აშშ მოუწოდებდა და მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წელს აღებული ვალდებულებები.
“აშშ ყოველთვის გმობდა და გმობს რუსეთის ფედერაციის ქმედებებს ადმინისტრაციულ საზღვართან, “სამხრეთ ოსეთთან“ და აფხაზეთთან. ყოველთვის მოუწოდებდა და მოუწოდებს რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის შეთანხმების პირობები, რუსეთმა გაიყვანოს ჯარები ომამდე არსებულ პოზიციამდე, წაიღოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება და ამ რეგიონებს ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის ნება დართოს”, – განაცხადა რუდმა.
შეგახსენებთ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცის მიმდებარე ტერიტორიაზე მავთულხლართების უკანონო გაბმა მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.