პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ნაციონალისტების მარშის გამართვა აკრძალეს. როგორც BBC წერს, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო ვარშავის მერმა, რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლისთავი შესრულდება.
დედაქალაქის მერის, ჰანა გრონკივიჩ ვალცის განცხადებით, ვარშავა „აგრესიული ნაციონალიზმისგან საკმარისად დაზარალდა.
გასულ წელს, ვარშავაში გამართულ ნაციონალისტების მარშში 60 000 ადამიანი მონაწილეობდა. მათი ნაწილი კი სკანდირებდა: „წმინდა პოლონეთი, თეთრი პოლონეთი“.
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ მოქალაქეებს ოფიციალურ მარშში შეეძლებათ მონაწილეობის მიღება.
„ყველანი მოწვეული ხართ, მოდით მხოლოდ წითელი და თეთრი დროშებით“, – დაწერა დუდამ სოციალურ ქსელ Twitter-ზე.