ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნაციონალური მოძრაობის” დროს გასხვისებული კორტების ტერიტორია მერიას უბრუნდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის” დროს იპოდრომის მიმდებარედ გასხვისებული ჩოგბურთის კორტების ტერიტორია თბილისის მერიის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება.

როგორც კალაძემ მთავრობის სხდომაზე სხდომაზე განმარტა, ეს მიწის ნაკვეთი საბურთალოს და ბახტრიონის ქუჩებს შორის მდებარეობს და საკითხი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მტკივნეულია.

“ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის დანაშაულებრივი ურბანული პოლიტიკის ერთ-ერთ მორიგ მსხვერპლზე მინდა გიამბოთ. ეს არის მიწის ნაკვეთი იპოდრომის მიმდებარედ, საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის – ე.წ. ჩოგბურთის კორტების ტერიტორია. ეს საკითხი ძალიან მტკივნეულია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ზოგადად, ეს ადგილი ყოველთვის იყო სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, სადაც ბევრი თბილისელი დადიოდა. სამწუხაროდ, 2009 წელს ტერიტორია უცხოურ სამშენებლო კომპანიაზე გაიყიდა, რომელმაც აღნიშნული მიწა განაშენიანების მიზნით შეიძინა. ჩვენ, რა თქმა უნდა, განვითარების, წინსვლისა და მშენებლობის წინააღმდეგი არ ვართ, თუმცა არსებობს ისეთი ადგილები, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არსებობს სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები, სკვერები, პარკები და სხვა ტერიტორიები, სადაც პირადად ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის, რაიმე სახის მშენებლობების განხორციელება კატეგორიულად მიუღებელია.  რთულია, რომ ამ ადგილს დღეს კორტები ვუწოდოთ, ისეთ მძიმე მდგომარეობაშია. ამიტომ, ეს კონკრეტული ადგილი მუნიციპალიტეტს დაუბრუნდება. აქვე მინდა დაგავალოთ, რომ მომავალი წლისთვის პროექტის განხორციელება დაიწყოს, სადაც შესაძლებელია, როგორც საჩოგბურთო, ასევე, საფეხბურთო მოედანი მოეწყოს. მგონია, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ადგილობრივებისთვის და დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის. მოსახლეობის მხრიდან სერიოზული უკმაყოფილება იყო, თუმცა გადაწყვეტილება უკვე დადებითად არის მიღებული“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა და დასძინა, რომ თბილისის მასშტაბით არაერთი რეკრეაციული სივრცეა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს გასხვისდა, თუმცა მუნიციპალიტეტი ცდილობს, ეს ყველაფერი გამოასწოროს.

„ძალიან ბევრი დანაშაულია ურბანული კუთხით წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი. სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ ქალაქის სათავეში, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ და სადაც გადარჩენის, შენარჩუნების თუ აღდგენის თეორიული შესაძლებლობა მაინც არსებობს, ეს მოვახერხოთ. არავითარ შემთხვევაში, არ უნდა დავაზარალოთ ის ადამიანები, ვისაც მიწის ნაკვეთებში თანხა აქვს გადახდილი. მათ ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ, ეს იქნება ადგილმონაცვლეობა, გამოსყიდვა თუ რა საშუალებაც არსებობს, რომ ყველაფერი მოწესრიგდეს და უკმაყოფილო არავინ დარჩეს. ჩემი თხოვნა იქნება, რომ წინა ხელისუფლებას არ დავემსგავსოთ. ყველაფერს მაქსიმალურად ვაკეთებთ იმისთვის, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ, რაც ძალიან რთულია“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

იტვირთბა....