„რა თქმა, უნდა 2007 წლის 7 ნოემბერი არ არის ის თარიღი, რომლითაც შეიძლება იამაყოს წინა ხელისუფლებამ“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა TV პირველის ეთერში განაცხადა.
მისი შეფასებით, 7 ნოემბერს დაშვებულ შეცდომებს შორის, ყველაზე უარესი „იმედში“ შეჭრა იყო.
„2007 წლის 7 ნოემბერი, რა თქმა უნდა, იყო ძალიან მძიმე დღე საქართველოსთვის. იყო დაშვებული მძიმე შეცდომები და ჩემი გადმოსახედიდან, ყველაზე მძიმე შეცდომა იყო ტელეკომპანია „იმედში“ შესვლა. ეს იყო დაუშვებელი რა, რაც გააკეთა მაშინდელმა ხელისუფლებამ. ეს არ არის ის თარიღები, რითაც შეიძლება იამაყოს წინა ხელისუფლებამ, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვცხოვრობთ გუშინდელი დღით, ჩვენ გვაინტერესებს ხვალ რა იქნება. გუშინდელი დღე გავიარეთ, როგორც შეცდომებით, ისე საამაყო თარიღებით და ამაზე აღარ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ ხვალინდელ დღეზე, ქართული ოცნების პრობლემა ის არის, რომ ხვალინდელ დღეზე არ საუბრობს. მათთვის არსებობს მხოლოდ წარსული. როგორ უნდა მისცე იმ პარტიის კანდიდატს ხმა, რომელიც არ გეუბნება ხვალ რა იქნება და გეუბნება მხოლოდ, რომ გუშინ იყო ცუდი“, – განაცხადა უდუმაშვილმა.