„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პროკურატურას საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელის სიმამრის საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით მიმართა.
პარტიის წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ენმ მოითხოვს, საგამოძიებო უწყებამ შეისწავლოს თემურ კუპატაძის სიმამრის ქურდულ სამყაროსთან კავშირი და საარჩევნოდ თანხების მობილიზება.
მათი მტკიცებით, უპატაძის სიმამრი ავთანდილ ტაბუცაძე, ე.წ კანონიერი ქურდების მეგობარია.
„მნიშვნელოვანია, პროკურატურა დაინტერესდეს, როგორ მოხდა, რომ შსს-ს მაღალი თანამდებობის პირი დაკავშირებულია ქურდულ სამყაროსთან, მეორე, მნიშვნელოვანია, პროკურატურამ დაადგინოს, როგორ მოხდა, რომ მას შემდეგ, რაც კუპატაძე დაინიშნა შსს-ში მაღალ თანამდებობაზე, ამის შემდეგ ხდება მისი ოჯახის წევრის კომპანიაზე ასობით ათასი ლარის გადარიცხვა მესამე კომპანიის გავლით. მესამე, ასევე მნიშვნელოვანია, გამოძიებამ დაადგინოს, როგორ მოხდა ამ წილის ავთანდილ ტაბუცაძეზე გაფორმება და მას შემდეგ, რაც სიუჟეტის მომზადება დაიწყო, როგორ მოხდა ამ წილის უკან დაბრუნება ბიზნესმენისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, გაირკვეს შავ ბუღალტერიაზე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მილიონობით ლარია უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში გატანილი ამ კომპანიიდან ისე, რომ არანაირი დოკუმენტაცია არ არსებობს, შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს და გამოძიებამ ამაზეც პასუხი უნდა გასცეს და მეოთხე, და მნიშვნელოვანი, როგორ ხდებოდა შსს-ს მაღალი თანამდებობის პირის ოჯახის წევრის მიერ ამ თანხების მობილიზება შემდეგ უკვე „ქართული ოცნების“ პარტიული ინტერესების გამოყენებისთვის,“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.
ენმ-ში აცხადებენ, რომ საქმე „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. კანონიერ ქურდის გია ხმელიძისთვის, იგივე “ხმელოსთვის” ბიუჯეტიდან გადარიცხულ თანხებს ეხება, რომელიც მან რაჭაში, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ხმების მობილიზების სანაცვლოდ მიიღო. ასევე პარტია მოითხოვს გამოძიებულ იქნას თუ რატომ იღებდა ავთანდილ ტაბუცაძის კომპანია თანხებს სახელმწიფოსგან.