აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მეშახტეებისთვის ხელფასების გაცემა გაგრძელდება იქამდე, სანამ კომისია დასკვნას არ დადებს”

კომპანიის „საქნახშირი ჯი-აი ჯი“ გენერალური დირექტორის, ჯამბულ ჯაყელის განცხადებით, ტყიბულელი მეშახტეების მოთხოვნები დაკმაყოფილებულია, რის შედეგადაც მათ პროტესტი გუშინვე შეწყვიტეს.

როგორც ჯაყელმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, მეშახტეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა შახტების ამუშავებამდე ანაზღაურების გაგრძელებას შეეხებოდა, რაზეც კომპანიის ხელმძღვანელობამ მზაობა გამოთქვა.

„გუშინ მეშახტეებს დასმული ჰქონდათ ორი საკითხი, რაზეც ითხოვდნენ პასუხს. ეს იყო მათთვის ანაზღაურების გაგრძელება იქამდე, სანამ კომისიის დასკვნა დაიდება და მეორე – კომისიის დასკვნის შემდეგ სამუშაოების განახლება. მეშახტეებმა ორივე მათგანზე დადებითი პასუხი მიიღეს. ანაზღაურება გაგრძელდება ისე, როგორც აქამდე. სექტემბრის ხელფასი მათ უკვე მიცემული აქვთ და ოქტომბრის ხელფასი დარიგდება 15 ნოემბრამდე. ხელფასების გაცემა გაგრძელდება იქამდე, სანამ კომისია დასკვნას არ დადებს.

ამის შემდეგ ამუშავდება ის უბნები, სადაც იქნება ნაკლები რისკი და უსაფრთხოების ნორმები იქნება მკაცრად დაცული. აქედან გამომდინარე, გუშინ მეშახტეებმა პროტესტი შეწყვიტეს და შახტიდანაც ამოვიდნენ. დღეს თუ ვინმე გამოვა და მეშახტეების სახელით რამეს იტყვის, ეს იქნება პირადი მიზნებისთვის. არ მინდა, მეშახტეების პრობლემები ვინმემ სათავისოდ გამოიყენოს ან პოლიტიკურ პროცესში გადაიყვანოს.

სავარაუდოდ, კომისიის დასკვნის შემდეგ, პირველ ეტაპზე გაიხსნება მე-2, მე-4 და მე-6 უბანი. შესაბამისად, თავიდან დავიწყებთ სამი უბნით და შემდეგ უსაფრთხოების მკაცრი დაცვით მეოთხე უბანსაც დავიმატებთ,“ – განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა.

შეგახსენებთ, ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტის თანამშრომლები გაიფიცნენ.

გუშინ დილით ტექნიკური სამუშაოების ჩასატარებლად ჩასული მეშახტეები შახტიდან აღარ ამოვიდნენ. 25-მდე მეშახტე საწარმოო პროცესის აღდგენასა და უსაფრთხოების ნორმების დაცვას მოითხოვდა. ამ დროისთვის პროტესტი შეწყვეტილია.

იტვირთბა....