ქედაში მომხდარი აფეთქების ფაქტზე დაკავებული თურქეთის მოქალაქეების ადვოკატმა, მალხაზ ზოიძემ განაცხადა, რომ ისინი მხოლოდ შავ სამუშაოს ასრულებდა და რაიმე სახის სამუშაოს წარმოების კვალიფიკაცია ან თუნდაც პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდათ.
ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ და მათთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ.
„ამჟამად დაკავებულები იყენებენ დუმილის უფლებას. ისინი არ აღიარებენ ჩადენილ ქმედებას. ჩვენ საქმის მსასალები არ გადმოგვცემია. ამ ეტაპისთვის ბრალის წარდგენა არ მომხდარა და სავარაუდოდ, შესაძლოა, დღეს მოხდეს. თუკი მათ აღნიშნული მუხლით წარედგინათ ბრალი, შესაბამისად, მოხდება სასამართლო სხდომის დანიშვნა. პირადი საუბრებით და აღწერით მათი მხრიდან რაიმე სახის ბრალეული ქმედება არ იკვეთება. ჩემთვის გაუგებარია ამ ეტაპზე რატომ მოხდა მათი დაკავება.
პასუხისმგებელი სულ სხვა კომპანია იყო, ეს პირები მხოლოდ შავ სამუშაოს ასრულებდნენ. მათ რაიმე სახის სამუშაოს წარმოების კვალიფიკაცია ან თუნდაც პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდათ“, – განაცხადა ადვოკატმა მალხაზ ზოიძემ.
შეგახსნებთ, 31 ოქტომბერს, ქედაში, სოფელ დოლოგანში, ქვის კარიერზე მომხდარი აფეთქების შედეგად 6 წლის ბავშვი დაიღუპა. ის მიმდებარე ტერიტორიაზე, 100 მეტრის რადიუსში იმყოფებოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ბავშვს ქვა დაეცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მომხდარზე თურქეთის 3 მოქალაქე გუშინ დააკავეს.
როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1990 წელს დაბადებული მ.ჯ., 1975 წელს დაბადებული ჰ.ქ. და 1987 წელს დაბადებული ზ.ჩ. არიან დაკავებული.
ამავე თემაზე: პროფკავშირები: “ქედაში მომხდარი ტრაგედიის მთავარი მიზეზი ოპერატორი კომპანიის დაუდევრობაა”