ახალი ამბები მთავარი სამართალი

ხორავას ქუჩის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი:  დავასაბუთებთ, რომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს 

„საქმეში არ არსებობს ახალი გარემოება, რის გამოც იგივე მოწმე, რომელის დაკითხვასაც ბრალდება აპირებს, დაიკითხოს სააპელაციოში“, – ამის  შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის, გ.ჯ.-ს ადვოკატმა,  ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბრალდების მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობებს, რომელიც მტკიცებულებების დართვას ეხება, არ დაეთანხმება.

“წინა სხდომაზე ბრალდების მხარემ დააყენა შუამდგომლობა, მოითხოვა ახალი მტკიცებულებების დართვა, ახალი მოწმეების დაკითხვა სააპელაციო სასამართლოში. ჩვენ, დაცვის მხარეს მიგვაჩნია, რომ შუამდგომლობა დაუსაბუთებელია, უსაფუძვლოა და არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებიდან. შესაბამისად, ჩვენ დღეს დავასაბუთებთ იმას, რომ ბრალდების მხარის აღნიშნული შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, არცერთი მოწმის დაკითხვასთან დაკავშირებით. მოწმეთა ნაწილი, ვის დაკითხვასაც ბრალდების მხარე ითხოვს, უკვე დაკითხულია და რეალურად საქმეში არ არსებობს ახალი გარემოება, რომლის საფუძველზეც იგივე მოწმე უნდა დაიკითხოს სააპელაციოში”, – განაცხადა კაკაბაძემ.

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში პროცესი განახლდა.

შეგახსენებთ, ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე, ხოლო მეორე მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, გარდაიცვალა.

იტვირთბა....