ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პროფკავშირები: “ქედაში მომხდარი ტრაგედიის მთავარი მიზეზი ოპერატორი კომპანიის დაუდევრობაა”

პროფკავშირების გაერთიანება 31 ოქტომბერს, ქედის რაიონის სოფელ ჭიკაძეებში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც ქვის კარიერზე საამფეთქებლო სამუშაოებს 6 წლის გიგა ოსანაძე ემსხვერპლა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ტრაგედიის მთავარი მიზეზი ოპერატორი კომპანიის დაუდევრობაა, ხოლო ამ დაუდევრობის საფუძველი შრომის უსაფრთხოების სფეროში ეფექტური მაკონტროლებელი ორგანოს არარსებობა გახდა.

„მედიაში გავრცელებული და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, აფეთქების მომენტში გიგა ოსანაძე საკუთარი სახლის ეზოში იმყოფებოდა, რომელიც აფეთქების ეპიცენტრიდან 100 მეტრის რადიუსში მდებარეობს. საქართველოს პროფესიული კავშირების აჭარის გაერთიანების წარმომადგენლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაზიანდა საცხოვრებელი სახლებიც, რომლებიც აფეთქების ეპიცენტრიდან 300 მეტრის რადიუსში მდებარეობს. აღნიშნულ კარიერზე სამუშაოებს შპს „სტრუიკ გრუპ ჯორჯიას” ქვეკონტრაქტორი კომპანიები – შპს „ალბაირაქი” და შპს ,,დინამიტი-ლ.დ” აწარმოებენ. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიიჩნევს, რომ პირველ რიგში გამოსარკვევია, ჰქონდა თუ არა სამუშაოს მწარმოებელს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების განხორციელების ნებართვა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების შეფასებით, მომხდარი ფაქტის მთავარი მიზეზი ოპერატორი კომპანიის დაუდევრობაა, ხოლო ამ დაუდევრობის საფუძველი შრომის უსაფრთხოების სფეროში ეფექტური მაკონტროლებელი ორგანოს არარსებობა.

პროფკავშირების შრომის დაცვის დეპარტამენტის შეფასებით, დარღვეულია საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც 2013 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ 432-ე დადგენილებით არის დამტკიცებული“, – ნათქვამია პროფკავშირების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ბოლომდე დააკვირდება გამოძიების მიმდინარეობის პროცესს.

„რეგლამენტის მიხედვით, საამფეთქებლო სამუშაოების დაწყებამდე, ოპერატორი კომპანიის სამთო-გეოლოგებმა უნდა შეისწავლონ აფეთქების ეპიცენტრი და მიმდებარე ტერიტორია, შეადგინონ აფეთქების სქემა და მის საფუძველზე უნდა შექმნან აფეთქების პასპორტი, რომელშიც გაწერილი უნდა იყოს შემდეგი პარამეტრები: მოსაპოვებელი მადნის რაოდენობის, ადგილმდებარეობის, ლანდშაფტისა სხვა ლოკალური სპეციფიკების გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს ფეთქითი მასალის ტიპი, რაოდენობა და ფეთქითი მასალის მოთავსების ღრმულის სიღრმე. ასევე, უნდა განისაზღვროს მუხტის სიმძლავრე, აფეთქების შედეგად დაშლილი სამთო მასის გატყორცნის მიმართულება და აფეთქების მომენტში დასაქმებულთა განლაგების უსაფრთხო პოზიციები მანძილის მითითებით. იმ შემთხვევაში, როდესაც აფეთქების ეპიცენტრთან საშიშ დისტანციაზე დასახლებული პუნქტი ან სხვა დანიშნულების ობიექტებია, სამუშაოს მწარმოებელი კომპანია ვალდებულია მიიღოს უსაფრთხოების დამატებითი ზომები, რათა შემცირებული იქნას დაშლილი სამთო მასების გატყორცნის მანძილი. მომხდარი ფაქტიდან გამომდინარე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ვარაუდობს, რომ ოპერატორი კომპანიის მიერ დაირღვა ზემოთხსენებული პარამეტრების ნაწილი ან საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული ზემოთაღნიშნული რეგლამენტი. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ქედაში მომხდარი აფეთქების ფაქტზე, რომელსაც 6 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი პირი დააკავეს, რომლებიც თურქეთის მოქალაქეები არიან. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით, რაც ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენებას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების პროცესში მტკიცებულებების მოპოვების შედეგად, შესაძლოა გამოიკვეთოს სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ბოლომდე დააკვირდება გამოძიების მიმდინარეობის პროცესს და იმედს იტოვებს, რომ შსს-ს მიერ მოკვლეული იქნება უბედური შემთხვევის გამომწვევ მიზეზთა ყველა დეტალი, რაც მომავალში მსგავსი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით პრევენციული ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას წარმოშობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ქედაში ქვის კარიერი აფეთქების შედეგად, 100 მეტრის რადიუსში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

იტვირთბა....