ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულები, ცოლ-ქმარი მ.ა. და ლ.ს. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ლ.ს.-მ და მ.ა.-მ უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს, ლ.ს. – 0,94486 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ბუპრენორფინს“, ხოლო მისი მეუღლე მ.ა. – 2,79087 გრ. ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“. აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერებები ლ.ს.-სგან და მ.ა. -სგან სამართალდამცველებმა 2018 წლის 4 თებერვალს ქ.ბათუმში ამოიღეს.
მ.ა.-ს და ლ.ს.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.