თბილისის მერი კახი კალაძე სოციალურ ქსელში სტატუსს წერს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ანა დოლიძის განცხადებას ეხმაურება.
“ნაცებს ფიზიკური ტერორის შესაძლებლობა აღარ აქვთ და სიტყვიერი ტერორით იკმაყოფილებენ ძალადობის ჟინს. მეორე ტურში გასვლამ საკუთარ თავზე კონტროლი დააკარგვინათ. ხელისუფლების კრიტიკაში ანა დოლიძეს უკან არასოდეს დაუხევია. დღეს კი, როცა გამოდის და თავის პოზიციას, აზრს აფიქსირებს, ისეთს, რაც ვიღაცისთვისაა მიუღებელი, თავს დაესხნენ, როგორ გაბედა ჩვენი კრიტიკაო. მცდელობების მიუხედავად, არ იმალება ნაცებში ძალადობის მოთხოვნილება.
მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ თავისუფალი ქვეყნის თავისუფალი მოქალაქეები ვართ და ვერც ანა დოლიძეს, და ვერცერთ ადამიანს, საკუთარი განსხვავებული აზრის გამო, ვეღარავინ განდევნის.
ძალადობას საქართველოში მომავალი არ აქვს!”, – წერს კალაძე.
შეგახსენებთ, რომ ანა დოლიძის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტება მისთვის მიუღებელია და ქვეყანაში არასტაბილურობას გამოიწვევს.
დოლიძის ამ განცხადებას ბევრი უარყოფითი შეფასება მოყვა. მაგალითად, ნიკა გვარამია დოლიძეს ბოდიშის მოხდას თხოვს.

