საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ პოლიტიკური ამინდი კიდევ უფრო უარესდება. პოლარიზებულ პოლიტიკურ სივრცეში ისედაც პოლიტიზებული მედია უკვე ხმამაღლა დეკლარირებს, რომ რადიკალურ ლიანდაგზე გადადის. ორი რეიტინგული ტელევიზია პოლიტიკურ ღია ომში ერთვება. ერთთვიანი მარათონი იწყება. პირველი ტურის შემდეგ გარეთ დარჩენილი პოლიტიკური ძალები ფრთხილობენ, რადგან სასწორის ორივე მხარეს ბევრისთვის მიუღებელი სუბიექტები აღმოჩნდნენ.
ერთი ფაქტია, თავისი ნეგატივებითა და პოზიტივებით, სასწორის ორ მხარეს სააკაშვილისდროინდელი მთავრობის საგარეო საქმეთა ორი მინისტრი დევს. პირველ ტურში, წონადაკარგული პოლიტიკური ძალა ზარზეიმით მოსულ “ოცნებას” თითქმის გაუთანაბრდა, რამაც ტემპერატურა საგრძნობლად აწია. ამის მიზეზი არა მმართველი პარტიის უმოქმედობაა, როგორც ბევრი ოპონენტი ამტკიცებს, არამედ ერთი პერსონა – სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც თავისი მიუღებელი ნარატივით სახლში დატოვა “ქართული ოცნების” ამომრჩეველთა ის ნაწილი, რომელიც ინერციით მაინც ივანიშვილს აძლევდა ხმას.
“ქართული ოცნებისთვის” პრეზიდენტის ინსტიტუტის სახით ბერკეტის გამოცლა ძალაუფლების დაკარგვას არ ნიშნავს, მაგრამ ვაშაძის გაპრეზიდენტებით ისინი წააგებენ ფსიქოლოგიურ ომს, რაც “ნაცმოძრაობისთვის” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საკმაოდ სერიოზული უპირატესობა იქნება. ეს კარგად ესმის “ოცნებას” და მათი მთავარი გზავნილი მოსახლეობისადმი ისევ “9-წლიანი სისხლიანი პერიოდის” გახსენებაა და ნარატივი, რომ “ნაცმოძრაობა” ბრუნდება.
მზია საგანელიძის ფოტო
არადა დღეს, სხვა მოცემულობაში ვართ. საუბარია ძალაუფლებაგამოცლილი მხოლოდ ერთი ინსტიტუციის დაუფლებაზე, რომელიც სისტემურ ცვლილებებს ვერანაირად ვერ მოახდენს. 6 წლის განმავლობაში “ქართული ოცნება” უკვე მიეჩვია პრეზიდენტის მხრიდან ოპონირებას. მათი ხელისუფლებაში მოსვლიდან 1 წლის განმავლობაში პრეზიდენტი სააკაშვილიც კი იყო, შემდეგ მარგველაშვილი, რომელიც დაუსხლტა ხელიდან ივანიშვილს და მმართველ გუნდს საკმაოდ სერიოზულ დისკომფორტს უქმნიდა. ივანიშვილი შინაგანად იმასაც ეგუება, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც რომ გახდეს, მისი ცნობილი ურჩი ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლოა ის ახალ მარგველაშვილად გადაიქცეს. პირველი ტურის შემდეგ, ივანიშვილს უკვე ესეც არ ადარდებს. მას უბრალოდ ეშინია, იმ ფსიქოლოგიურ ომში დამარცხების, რომელიც საფრთხეს შეუქმნის რბილ სავარძლებს უკვე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ამიტომაა, რომ “ოცნება” ამაზე არ აპელირებს და დრამატულად ცდილობს საზოგადოებას შეახსენოს, რომ “ცოცხების ეპოქის” დაბრუნების საშიშროება არსებობს. ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში, “ოცნების” რიგებიდან სამოქალაქო ომის საშიშროებაზეც კი ალაპარაკდნენ, რაც საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა შატნაჟადაც კი აღიქვა.
გამოჟონა ინფორმაციამ შუშის სასახლიდანაც პერმანენტულ შეხვედრებთან დაკავშირებით. მმართველი პარტიის ლიდერებს დასკვნები გამოაქვთ, რომ სალომე ზურაბიშვილზე ფსონის გაკეთება შეცდომა იყო. უფრო მეტიც, დაპირისპირებაც კი მოხდა ზურაბიშვილსა და ივანიშვილს შორის. ზურაბიშვილი დაიმუქრა კიდეც, რომ მოხსნიდა კანდიდატურას, მაგრამ ორივემ კარგად იცის, დაწყებულ ბრძოლაში გაჩერება მხოლოდ ორივე პერსონის ომში დამარცხებას კი არ ნიშნავს, არამედ ეს იქნება პოლიტიკური კრახი და “ქართული ოცნების” საბოლოო პოლიტიკური დასამარება.
აშკარაა, ნებისმიერი კანდიდატის წამოყენება, სალომე ზურაბიშვილის გარდა, შესაძლოა პირველ ტურშივე მმართველი გუნდის გამარჯვებით დასრულებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ “ქართული ოცნების” რეიტინგი ისედაც საგრძნობლად შემცირებულია, ზურაბიშვილი აღმოჩნდა ინსპირაცია, ერთი მხრივ ოპოზიციური განწყობების გაღვივებისა და მეორე მხრივ, “ოცნების” მხარდამჭერების გარკვეული ნაწილის გაპასიურებისა, რამაც საბოლოოდ, კანდიდატთა შორის ერთპროცენტიანი სხვაობა დადო.
რამდენიმე თვის წინ, პირველი ტურის დაწყებამდე ვწერდი, რომ მმართველი პარტიისთვის ყველაზე მისაღები და პოლიტიკურად მომგებიანი კანდიდატურა კახი კახიშვილი იქნებოდა, მაგრამ ნაცვლად რაციონალური ქმედებისა, მმართველმა პარტიამ პენიტენციური სისტემა და მისი ხელმძღვანელი, რომელიც ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ხელისუფლებაში, აქტიური პოლიტიკიდან “განდევნა” და უფრო მეტიც, სასჯელაღსრულების უწყება სამინისტროთა რუკიდან საერთოდ გააქრო.
ივანიშვილმა სერიოზული და შესაძლოა, საბედისწერო შეცდომა დაუშვა. საქართველოს მხრიდან ომის დაწყების რიტორიკამ, მარიხუანას კულტივაციამ და ამას დამატებული ხორავას ქუჩის მკვლელობის თემამ, მმართველი პარტია პოლიტიკურად გაანადგურა. რთული დასაჯერებელია, საერთაშორისო პოლიტიკაში, ომის დაწყების რიტორიკა რომ წამგებიანია, არ ესმოდეთ მმართველ პარტიაში, არ ესმოდეთ, რომ მომავალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უცხოეთში ვიზიტების დროს, მაგიდასთან, ნებისმიერ დიპლომატთან, თავიდანვე არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდება და ეს დაარტყამს არა მარტო ივანიშვილის ხელისუფლებას, არამედ ქვეყანას.
არავინ ფიქრობს იმაზე, რომ მთავარსარდლის ამპლუაში, კრიტიკულ სიტუაციებში (თუკი ასეთი იქნება) ზურაბიშვილს მოუწევს უბრძანოს ჯარს გარკვეული მოქმედებებისკენ. არავის სურს და არც მე ვისურვებდი, ჯარმა მთავარსარდალს ზურგი აქციოს და არ შეასრულოს იმ პერსონის ბრძანება, რომელიც აცხადებს, რომ ომი საქართველომ, ან თუგინდ, თავის დროზე მისმა პრეზიდენტმა დაიწყო. რა თქმა უნდა, ეს ქვეყნის ინტერესებში არ შედის, და იმედს ვიტოვებ, რომ მსგავსი არაფერი მოხდება, რადგან ჩვენი პატრიოტი ჯარისკაცები ქვეყნისთვის არიან მომართულები. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, არ ვილაპარაკოთ საფრთხეებზე, არ გავთვალოთ ხვალინდელი დღე, მითუმეტეს მაშინ, როცა არის ინფორმაცია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, ავღანეთში მოქმედი ქართული საჯარისო კონტიგენტის 40-მა პროცენტმა ხმა ზურაბიშვილის წინააღმდეგ მისცა.
ასეა თუ ისე, რეალობაა, რომ მეორე ტურში ორი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე დარჩნენ და ერთ-ერთი პრეზიდენტი აუცილებლად გახდება. ვის როგორი შანსები აქვს და რისი გაკეთება მოუწევს ივანიშვილის გუნდს, რომ როგორმე ზურაბიშვილი გაიყვანოს?
ირაკლი გედენიძის ფოტო
თუკი ვაშაძემ მოახერხა პირველ ტურში საარჩევნო ყუთთან მისული საკუთარი ამომრჩევლის ხელახალი მობილიზება, ეს მას უკვე უდიდეს უპირატესობას მისცემს, რადგან მას დაემატება რამდენიმე პოლიტიკური გუნდის მხარდამჭერთა ხმები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გაერთიანებული ოპოზიცია იმაზე მეტ ხმებს მიიღებს, ვიდრე პირველ ტურში. ამ მხრივ რთულ მდგომარეობაშია მმართველი პარტია. “ქართულ ოცნებას” მოუწევს იმაზე მეტი ამომრჩეველი მიიყვანოს საარჩევნო ყუთებთან, ვიდრე ეს მან პირველ ტურში მოახერხა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ზურაბიშვილი არჩევნებს წააგებს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პირველ ტურში, ზურაბიშვილის და “ოცნების” ამომრჩეველთა საკმაოდ დიდი ნაწილი ადმინისტრაციული რესურსებისა და დაფინანსებული ამომრჩევლისაგან შედგებოდა, მეორე ტურში ასეთი კონტიგენტის მართვა საკმაოდ რთული იქნება. თუმცა, თუკი მმართველი გუნდი მოახერხებს ამ რესურსების ხელახალ გამოყენებას, მას მაინც მოუწევს გააღვიძოს და ყუთებთან მოიყვანოს ამომრჩეველთა ის ნაწილი, რომელმაც პირველ ტურში სახლში დარჩენა არჩია. აქ კი “ოცნება” საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე დგება, რადგან არც თუ ისე დიდი დროა დარჩენილი ასეთი კონტიგენტის მოსაზიდად.
ერთადერთი შვება მმართველი პარტიისთვის ოპოზიციურ ფლანგზე ისეთი პოლიტიკური გაერთიანებების პოზიციაა, რომლებიც ამბობენ, რომ მეორე ტურში არც ერთ კანდიდატს არ დაუჭერენ მხარს. “ქართული ოცნების” ზოგიერთი ლიდერი, პირადად ჩემთან საუბარში აღფრთოვანებას ვერ მალავს, რადგან გარკვეული პოლიტიკური სპექტრის ასეთი პოზიცია სალომე ზურაბიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს. ისინი ისედაც არ აძლევდნენ და არც მისცემდნენ ხმას მმართველი პარტიის კანდიდატს და თუკი ვაშაძესაც არ დაუჭერენ მხარს, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი მათ ხმებს გარკვეულწილად კარგავს. ეს კი, მარტივად რომ ვთქვათ, სალომე ზურაბიშვილს აწყობს.
რთული სათქმელია, როგორ მოახერხებს “ქართული ოცნება” იმაზე მეტი ხმების მობილიზებას, ვიდრე მან ეს პირველ ტურში მოახერხა, მაგრამ ფაქტია, რომ მმართველმა პარტიამ თავად შეუქმნა პრობლემა საკუთარ თავს. შესაძლოა ახლა ისინი იმასაც ფიქრობენ, რომ მაგალითად, დავით უსუფაშვილისთვისაც რომ დაეჭირათ მხარი, მათთვის უფრო მომგებიანი ყოფილიყო, რადგან პარლამენტის ყოფილი სპიკერის გამარჯვებით ისინი დაკარგავდნენ სადავეებს პრეზიდენტის ინსტიტუტზე, მაგრამ საზოგადოებაში არ დაკარგავდნენ პოლიტიკურ იმიჯს, რადგან მილიონამდე ხმა მიიღეს იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომელთა დამარცხებით 2012 წელს ზარ-ზეიმით მოვიდნენ ხელისუფლებაში.
გენო ჯოხიძე