ბაჩო ახალაია სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ არ აპირებს გრიგოლ ვაშაძეს შეწყალების თხოვნით მიმართოს.
“მინდა ორიოდე სიტყვით მივმართო როგორც გაერთიანებული ოპოზიციის, ასევე ქართული ოცნების მხარდამჭერებს. მიუხედავად იმისა, რომ სრულებითაც არ ვთვლი თავს ისეთ მნიშვნელოვან პერსონად, რომელზეც შეიძლება რამე იყოს დამოკიდებული დღევანდელ პოლიტიკურ ცხოვრებაში, ჩემი სახელის გამოყენება მაინც ხდება ხელისუფლების ზოგიერთი უსინდისო წარმომადგენლის მხრიდან ჩემთვის სრულიად გაუგებარი ბინძური მიზნებით, ამიტომაც თავს ვალდებულად ვთვლი რამდენიმე ჩემთვის სრულიად ბუნებრივ საკითხს საჯაროდ გავუსვა ხაზი და გამოვეხმაურო მედიაში გაჟღერებულ რამდენიმე მოსაზრებას.
უპირველეს ყოვლისა ჩემთვის ჩემი
პირადი თავისუფლება ნამდვილად არ არის იმ მნიშვნელობის, რომ ეპოქალურ პოლიტიკურ ბრძოლას ან დღეს ან ხვალ რამეში უშლიდეს ხელს. სიმართლის თქმას არაფერი უდგას წინ, 2012 წელს მე თვითონ წავედი ციხეში, ქართულმა ოცნებამ 9 წელი მომისაჯა, მე-7 წელია ვიხდი სრულიად უსამართლო სასჯელს, მაგრამ დღესაც, ისევე როგორც 2012 წელს, იმისათვის რომ ჩემი არსებობა არ გახდეს საერთო ეროვნული მიზნების მიღწევაში რამე დაბრკოლება, მინდა საჯაროდ ვთქვა მე არ ვაპირებ მივმართო ბატონ გრიგოლ ვაშაძეს შეწყალების თხოვნით, ჩემი მისდამი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად არ ვთვლი, რომ ამხელა უსამართლო სასჯელის მოხდის მიწურულს რამე შეწყალება მჭირდებოდეს.
საქართველოში დღეს მიმდინარე და ხვალ გასამართი პოლიტიკური ბრძოლები იმდენად დიდი ეპოქალური მნიშვნელობისაა, რომ ჩემი პირადი თავისუფლებაც არ მიღირს მისთვის რამე, თუნდაც მცირედი ხელშეშლის ან ხელშეშლის იმიტირებისთვის იქნას გამოყენებული. უსამართლო 9 წლიანი სასჯელიდან მე-7 წელიწადს რამენაირად შევძლებ კიდევ 2-3 წელსაც გავუძლო.
გარდა ამისა მინდა გასაგებად ავუხსნა, როგორც ქართული ოცნების, ისე გაერთიანებული
ოპოზიციის მხარდამჭერებს, საქართველოში ხელისუფლების შეცვლა გარდაუვალი რეალობაა. ახალი ხელისუფლება არც დააპირებს რამე სახელმწიფო სამსახური შემომთავაზოს, მაგრამ ასეთი საოცრება რომც მოხდეს, მე ჩემი მხრიდან არც არანაირი სურვილი არ მაქვს რამე სახელმწიფო სამსახურში მუშაობის.
ვითარება ძალიან მარტივია, ივანიშვილის რუსული რეჟიმის დასასრული იწყება. ერთადერთი რაც არის ხელშესაწყობად შესაძლებელი
გავაკეთო სამწუხაროდ ეს კვლავ ციხეში ჯდომაა. სამწუხაროდ ჩემი როლი ასეთი აღმოჩნდა. იმედი მაქვს ჩემსავით ფიქრობს ყველა ის ადამიანი ვისთვისაც მთავარი საქართველოს ეროვნული ინტერესებია, ამიტომაც არის ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური მარცხი გარდაუვალი. დღეს საქართველოსთვის გასაწევი სამსახური როგორც ჩანს ჩემთვის ასეთია”, – წერს ახალაია.