ოპოზიცია ახალქალაქში მომხდარ ინციდენტში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს ადანაშაულებს. მმართველი პარტია კი მიზანმიმართულ პროვოკაციაზე საუბრობს.
ინციდენტის დროს მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ოთხი აქტივისტი საავადმყოფოში მოხვდა. გაერთიანებული ოპოზიციის შტაბთან მომხდარ ფაქტს სამართალდამცავები უკვე იძიებენ.
ნინოწმინდისა და ახალქალაქის მაჟორიტარ ენზელ მკოიანის ძმა მარტინ მკოიანი ავრცელებს სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეომასალა, სადაც მისი თქმით, ჩანს, როგორ ხევენ და აზიანებენ მკოიანის ოჯახის კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურზე გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალას.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ასევე ნინოწმინდისა და ახალაქალაქის მაჟორიტარმა ენზელ მკოიანმა.
პარლამენტის წევრის თქმით, ინციდენტი, რომელიც ახალქალაქში 29 ოქტომბერს, გვიან ღამით მოხდა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და გრიგოლ ვაშაძის შტაბის წევრების მიერ ორგანიზებული და მართული პროვოკაცია იყო.
როგორც მკოიანი ამბობს, აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელ ვიდეომასალაში, რომელიც ინტერნეტსივრცეში ვრცელდება, დეტალურად ჩანს, როგორც ესხმიან თავს ვაშაძის შტაბის წევრები მკოიანის ოჯახის კუთვნილ ბენზინგასამართ სადგურზე მომუშავე პირებს, პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის შემთხვევაში, მათ ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან და აზიანებენ ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალას.
„ეს არ ყოფილა სპონტანური თავდასხმა მხოლოდ ერთ ობიექტზე. ერთი და იმავე ავტომობილით მოძრავმა პირებმა ანალოგიური თავდასხმა სხვა ბენზინგასამართ სადგურებზეც განახორციელეს. ხოლო დღეს, 30 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც ჩემმა მხარდამჭერებმა თავდამსხმელებისგან ახსნა-განმარტება მოითხოვეს, პასუხად კვლავ მუქარა და შეურაცხყოფა მიიღეს, რაც უკვე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა“ – აცხადებს პარლამენტის წევრი ენზელ მკოიანი.
ახალქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.