არჩევნები აქტუალური თემა ახალი ამბები მედია მთავარი საზოგადოება

ზვიად ფოჩხუა: „იმედის“ გადაწყვეტილება ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებში არ ჯდება

ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენელი ორგანიზაციის, საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაციის პრეზიდენტის, ზვიად ფოჩხუას განცხადებით, ტელეკომპანია „იმედის“ გადაწყვეტილება საგანგებო რეჟიმზე გადასვლის შესახებ, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებში არ ჯდება, რადგან პოლიტიკურ თამაშებში მედიის ჩარევა მიუღებელია.

როგორც მან „მეტრონომთან“ საუბრისას აღნიშნა, ჟურნალისტი არ შეიძლება სამართლებრივი ჩარჩოდან გავიდეს.

„ჟურნალისტური ეთიკის კოდექსი მედიას არ აძლევს უფლებას, რომელიმე პარტიას საჯაროდ დაუჭიროს მხარი. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს სხვა მედიაორგანიზაცია, რომელიც ამას აკეთებს. ჩვენ ვიცით, რომ „რუსთავი 2“ გაერთიანებულ ოპოზიციას უჭერს, მხარს, რაც ცალსახად, ეთიკის კოდექსის დარღვევაა. როცა „იმედი“ იგივეს აკეთებს, ეს აუარესებს მედიის მდგომარეობას, ფაქტობრივად, ახლა გვაქვს ორი წამყვანი ტელევიზია, ორივე სრულად პოლიტიკურ რელსებზე შემდგარი და ორივე შორს არის მედიის დანიშნულებისგან“, – განაცხადა ზვიად ფოჩხუამ.

მისი შეფასებით, მედიის თავისუფლება რამდენიმე კრიტერიუმს მოიცავს, ესენია: ფინანსური, პოლიტიკური, სიტყვის თავისუფლება… ამ შემთხვევაში კი  ყველა კრიტერიუმი დარღვეულია.

„დღეს, ეს მედიაორგანიზაციები უფრო აგიტატორულ და პროპაგანდისტულ მექანიზმს წარმოადგენენ,  ვიდრე დამოუკიდებელ მედიას. ხშირ შემთვევაში, მეც და ჩემი გარემოცვაც, ობიექტური ინფორმაციის ძებნისას, თუნდაც საქართველოს შესახებ, უფრო საერთაშორისო წყაროებს მივმართავთ, ვიდრე ადგილობრივ ორგანიზაციებს, რადგან უკვე ძალიან დიდი ალბათობაა, რომ რომელიმე არხზე მოსმენილი ინფორმაცია მიკერძოებული ან ყალბი იყოს“, – განმარტა მედია ექსპერტმა და დასძინა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს საქართველოში მედიის მდგომარეობის გაუარესება შეუმჩნეველი არ დარჩებათ.

„რა თქმა უდნა, მედიის თავისუფლების მაჩვენებელი შეიცვლება, ეს შეუმჩნეველი არ დარჩება საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, იგივე  ჩვენი ორგანიზაცია, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია, და სხვა ნებისმიერი ორგანიზაცია აღნიშნავს ამას. საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია მოუწოდებს ჟურნალისტებს, დაიცვან პროფესიული დამოუკიდებლობა, ჟურნალისტური ეთიკა და არ იქცნენ პოლიტიკური პარტიების მძევლად. სამწუხაროდ, ქართულ მედიაში ჟურნალისტური ღირებულებები შენარჩუნებული არაა“. – განაცხადა ზვიად ფოჩხუამ.

შეგახსენებთ, გუშინ, 30 ოქტომბერს, ტელეკომპანია „იმედმა“ წინასაარჩევნოდ საეთერო ბადის  შეცვლა და საგანგებო რეჟიმზე გადასვლა დააანონსა, რათა „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში არ დაბრუნდეს.

“ტელეკომპანია „იმედმა“ და მისმა მფლობელებმა საკუთარ თავზე იწვნიეს რას ნიშნავს ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“. ამიტომ „იმედი“ წინასაარჩევნოდ ცვლის საეთერო ბადეს და ჩვენ ვიმუშავებთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს რეჟიმი”,  – ვკითხულობთ იმედის განცხადებაში.

იტვირთბა....