„სალომე ზურაბიშვილს გენინსპექციის თანამშრომელი მუდამ დაჰყვება თან, რაც იმას ნიშნავს, რომ არ ენდობიან“, – ამის შესახებ ჟურნალისტმა ელისო კილაძემ „მეტრონომს“ განუცხადა.
კილაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს კანდიდატურის მოხსნა არ შეუძლია, თუმცა მას უფლება აქვს, უარი თქვას საარჩევნო მარათონში მონაწილეობაზე.
„სალომე ზურაბიშვილს გენინსპექციის თანამშრომელი მუდამ დაჰყვება თან, ეს, ჩემთვის, იმას ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილს არ ენდობიან და მას მუდმივად აკონტროლებს პირი, რომელიც არის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ნდობით აღჭურვილი. არ მგონია, დაცვა იმიტომ დაენიშნათ, რომ ოპონენტები ან ვინმე სხვა თავს ესხმიან. მას დაცვა დაუნიშნეს იმისთვის, რომ როგორც არაორდინალური გადაწყვეტილებების მიმღებსა და უკონტროლო ადამიანს, შეუძლია რაღაც ისეთი გააკეთოს, რაც ქართულ ოცნებას არ მოსწონს.
მართალია, მას კანდიდატურის მოხსნა კანონით არ შეუძლია, მაგრამ უფლება აქვს უარი თქვას საარჩევნო მარათონში მონაწილეობაზე, თუმცა ბიულეტენზე მისი გვარი მაინც იქნება. რა გადაწვეტილებას მიიღებს ზურაბიშვილი ამას გავიგებთ დღეს, 20:00 საათზე. მე ვთვლი, რომ ოცნებამ შეცდომა დაუშვა მაშინ როცა სალომე ზურაბიშვილს დაუჭირა მხარი საპრეზიდენტო არჩევნებზე. ვერაფრით ვერ ვხვდები „ქოცები“ რატომ ხედავენ ტრაგედია მეორე ტურში ან იმაში, რომ ოპოზიცია მიიღებს პრეზიდენტის პოსტს. ეს არის დემოკრატიის ნაწილი და ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასეც ხდება. მე ამ ქვეყანაში ყველაფრის შესაძლებლობას ვხედავ. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მათ შორის, ისიც რომ ბიძინა ივანიშვილმა თქვას, სალომე ზურაბიშვილი არ იყო ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი. კალაძე გამოვიდა და თქვა, რომ ქართულმა ოცნებამ დაუშვა შეცდომა, რადგან საკუთარი კანდიდატი არ ჰყავდათ. სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ კლიპში, რომელშიც კალაძე საუბრობს, ვინმე იარაღით ადგას თავზე“ ?- აცხადებს ელისო კილაძე.
მისივე შეფასებით „ქართულ ოცნებაში“ აგვისტოს ომთან დაკავშირებით ზურაბიშვილისგან განსხვავებული პოზიცია, სავარაუდოდ არც აქვთ.
„მე მეეჭვება, „ქართულ ოცნებაში“ აგვისტოს ომზე ვინმე სხვაგვარად ფიქრობდეს, მმართველ გუნდში ყველას მიაჩნია, რომ ომი დაიწყო საქართველომ და ესაა მათი ტრაგედია“, – განაცხადა ელისო კილაძემ.