თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ავღანეთში, საქართველოს სამხედრო ბაზაზე ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით.
მისი შეფასებით, გუშინ სააკაშვილმა ყველაზე მდარე ფორმით სცადა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
“სააკაშვილმა განაცხადა, რომ თითქოს, აღნიშნულ ბაზაზე დიდი უპირატესობით გაიმარჯვა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, მაშინ, როდესაც საარჩევნო ყუთები ავღანეთში მხოლოდ 28 ოქტომბერს გაიხსნება. ამასთან, სააკაშვილმა სოციალურ ქსელში განათავსა საარჩევნო ბიულეტენის ფოტოსურათი, რაც საარჩევნო ნორმების უხეში დარღვევაა. იმ ადამიანების სახელით მანიპულირება, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ ჩვენი სამშობლოს ღირსებას მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში, არის ყველაზე დიდი სიმდაბლე, რასაც პოლიტიკოსმა შეიძლება მიმართოს, თუმცა, სააკაშვილისგან ჩვენ ამაზე დიდი სიმდაბლეც არაერთი გვახსოვს და შესაბამისად, მისგან არაფერი უნდა გაგვიკვირდეს. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი საამაყო სამხედროები გასცემენ საკადრის პასუხს სააკაშვილის ამ სიმდაბლეს 28 ოქტომბერს. მესამე საკითხი გახლავთ სოციოლოგიური კვლევის შედეგები. გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი პარტიული ტელევიზიის ეთერით გამოაქვეყნა გაყალბებული კვლევის შედეგები, რომელიც სრულად არის აცდენილი პოლიტიკურ სინამდვილეს. „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც 2012 წლის შემდეგ ვეღარ აყალბებს არჩევნებს, აყალბებს იმას, რაც შეუძლია – სოციოლოგიურ კვლევებს. რეალობა კი არის ის, რომ ნამდვილი, გაუყალბებელი სოციოლოგიური კვლევის თანახმად, წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იგებს არჩევნებს. ნიშანდობლივია, რომ ჩვენი დაკვეთით ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების გამოქვეყნების შეეშინდა „რუსთავი 2“-ს. ეს არის მორიგი შემთხვევა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი პარტიული ტელევიზია ჩაკეტილი არიან საკუთარ სიყალბეში და გაურბიან მათთვის არასასურველ სიმართლეს. თუმცა, ისინი ვერ გაექცევიან სიმართლეს, როდესაც ოფიციალურად გამოცხადდება არჩევნების შედეგები და როდესაც ქართველი ხალხის ნებით, პრეზიდენტად გამოცხადდება სალომე ზურაბიშვილი”, – აცხადებს კახა კალაძე.
შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ავღანეთში მყოფ ქართულ საჯარისო კონტინგენტში საპრეზიდენტო არჩევნები უკვე ჩატარდა და იქ “ძალა ერთობაშიას” კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ გაიმარჯვა.