“როდესაც ასეთი ზიზღით მოიხსენიებს ყოფილი პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს, ვფიქრობ, ყველასთვის ყველაფერი ნათელია”, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე ერთ-ერთი უკრაინულენოვანი ვებგვერდის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს რომელშიც, როგორც თავად ირწმუნებიან, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა თემურ ალასანია საუბრობენ საქართველოში სიტუაციის დაძაბვასა და რევოლუციურ სცენარზე.
როგორც კალაძემ აღნიშნა, სამწუხაროა, რომ საარჩევნო კამპანია არსებითად არა საპრეზიდენტო კანდიდატების სამომავლო ხედვების წარდგენის რეჟიმში, არამედ ფარული ჩანაწერების ფონზე წარიმართება.
“მინდა, გამოვეხმაურო გუშინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და მისი ბიძის, თემურ ალასანიას საუბარს ასახავს. ზოგადად, სამწუხაროა, რომ ეს საარჩევნო კამპანია არსებითად არა საპრეზიდენტო კანდიდატების სამომავლო ხედვების წარდგენის რეჟიმში, არამედ ფარული ჩანაწერების ფონზე წარიმართება. ამ საუბარმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რა ხალხთან გვაქვს საქმე, როგორ არის მოწყობილი მათი აზროვნება, რა გეგმები აქვთ მათ საარჩევნო და პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და როგორია მათი დამოკიდებულება საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ. როდესაც ასეთი ზიზღით მოიხსენიებს ყოფილი პრეზიდენტი ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს, ვფიქრობ, ყველასთვის ყველაფერი ნათელია. ამ ჩანაწერის მოსმენისას, ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ პასუხი კითხვაზე, თუ რა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი უმძიმესი დანაშაულების მთავარი მიზეზი: ისე რომ მოექცე საკუთარ ქვეყანას და ხალხს, როგორც სააკაშვილის რეჟიმი ექცეოდა, ეს ქვეყანა და ხალხი აუცილებლად უნდა გძულდეს. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს „ნაციონალური მოძრაობა“ ცნობს თუ არა ამ ჩანაწერის ავთენტურობას, მისი უტყუარობის მთავარი მტკიცებულება სააკაშვილის 9-წლიანი მმართველობა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულებია. ჩვენ არავის, და მით უმეტეს „ნაციონალურ მოძრაობას“, არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ თუნდაც მინიმალურ დონეზე შეიტანონ არეულობა და დესტრუქცია პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ასეთი აზროვნების მქონე ადამიანებმა თუნდაც მცირე დოზით მოახერხონ რეანიმაცია ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში. ამაზე არის პასუხისმგებელი „ქართული ოცნება“ ქართული საზოგადოების წინაშე”,- აცხადებს თბილისის მერი.
ცნობისთვის, ერთ-ერთმა უკრაინულენოვანმა ვებგვერდმა დღეს, 25 ოქტომბერს, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე, გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, სადაც, როგორც თავად ირწმუნებიან, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა თემურ ალასანია საუბრობენ საქართველოში სიტუაციის დაძაბვასა და რევოლუციურ სცენარზე.
ჩანაწერში, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის, საუბარი ასევე ეხება წინასაარჩევნო კამპანიას. საუბრის ბოლოს, უკრაინული გამოცემის ინფორმაციით, თემურ ალასანია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მკვლელობაში ფულს გადაიხდის. აუდიოჩანაწერს თან ერთვის მინაწერი, საიდანაც ვიგებთ, რომ ეს ჩანაწერის მხოლოდ ნაწილია და უკრაინულ ვებგვერდს სხვა ჩანაწერებიც აქვს.
როგორც თემურ ალასანია ამბობს, ჩანაწერი დამონტაჟებულია. მეტიც, ალასანია ირწმუნება, რომ საუბრის მსგავსი სტილი არ ახასიათებს. მისივე თქმით, აუდიოჩანაწერში სხვისი ხმა ისმის.