„მე მაინტერესებს, თქვენ რა განგასხვავებთ, ორი ძალა ხართ თუ ერთი? როცა, გამოვაცხადე, რომ ერთი ძალის ორი სახე უნდა მოსულიყო, მობრძანდით, გამოვარდით ორივე. რა განსხვავებები არსებობს თქვენს შორის“ – ასე მიმართა სალომე ზურაბიშვილმა დავით ბაქრაძესა და გრიგოლ ვაშაძეს პირველი არხის გადაცემა “არჩევნები 2018″-ში, სადაც პრეზიდენტობის სამივე კანდიდატს შორის დებატები გაიმართა.
„პირველ რიგში, ვისურვებდი, რომ კორექტული ფორმით ვესაუბროთ კონკურენტები ერთმანეთს. „გავარდით და გამოვარდით“ ეს არ არის ტერმინოლოგია, რომელიც საპრეზიდენტო დებატებზე გამოიყენება. ქალბატონო სალომე, პატივი ვცეთ აუდიტორიას” – მიმართა ბაქრაძემ სალომე ზურაბიშვილს.
რაც შეეხება „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის განსხვავებას, ბაქრაძის თქმით, ძალიან ბევრი განსხვავებაა თუმცა, ამ განსხვავებებზე არჩევანსა და შეფასებას ამომრჩეველი 28 ოქტომბერს გააკეთებს.
„დანარჩენი, რაც შეეხება კონკრეტულ განსხვავებებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მე პატივს ვცემ დოკუმენტს, რომელიც არის გაფორმებული ჩვენს შორის და არ მინდა, ვისაუბრო შიდა განსხვავებებზე. თუმცა მაყურებელს შეუძლია ალბათ, თავადაც განსაჯოს განსხვავებების შესახებ იმ განცხადებებიდან, რომელიც კეთდება კანდიდატების მხრიდან“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
გრიგოლ ვაშაძის თქმით კი, ამ ორ ოპოზიციურ პარტიას შორის არავითარი იდეოლოგიური, ორგანიზაციული და სხვა კავშირი არ არსებობს.
„ერთადერთი, რაც ჩვენ გვაერთიანებს ეს არის დამკვირვებლის სტატუსი „ევროპის სახალხო პარტიაში“ და ის, რასაც ჰქვია პროდასავლურობა, ამაზე ვერავინ იკამათებს. დანარჩენში, ყველაფერში აბსოლუტურად განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, მაგრამ ხაზს ვუსვამ გამომდინარე იქიდან, რომ პირველი ტურის დასრულებამდე, მგონი მეორე ტურშიც, ის მემორანდუმი მოქმედებს, მე ბატონ დავით ბაქრაძესთან ერთად თავს შევიკავებ ამის დაკონკრეტებისგან, თუმცა დავეთანხმები, რომ ქართველ ამომრჩეველს თავად შეუძლია განსაჯოს ერთმანეთისგან რითი განვსხვავდებით“, – აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.
პირველი არხის ეთერში დებატები პრეზიდენტობის დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს, „ევროპული საქართველოს“ კანდიდატ დავით ბაქრაძესა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის გაიმართა.