ენერგეტიკის შესახებ საქართველოს კანონპროექტის შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ იმსჯელეს დღეს პარლამენტში საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას თქმით, დღევანდელი შეხვედრის მიზანია კანონპროექტის პარლამენტში შემოსვლამდე მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფა, რაც საბოლოოდ სრულყოფილი, დახვეწილი კანონის მიღების შესაძლებლობას იძლევა.
ყველას გვესმის, რომ სიტუაცია ნამდვილად არ არის მარტივი და ჩვენს წინაშე დგას გამოწვევები, რომელსაც პირველ რიგში სახელის დარქმევა და იმის აღიარება უნდა, თუ რასთან გვაქვს რეალურად საქმე. წინააღმდეგ შემთხვევაში დარგის განვითარებისათვის ქმედით ნაბიჯებს ვერ გადავდგამთ. აუცილებელია გრძელვადიანი ხედვის არსებობა. რადგანაც, კლიმატური ცვლილებები და ყველა ტიპის პოლიტიკური ცვლილებები, რომლებიც ჰორიზონტზე ჩანს, პირდაპირ კავშირშია იმ გადაწყვეტილებებთან, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ გრძელვადიანი ხედვა, თუ რა მიმართულებით ვაპირებთ წავიდეთ ამ სფეროში. უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდი კვალიფიკაცია და გამოცდილებაა დაგროვილი, რასაც ასევე ორგანიზება სჭირდება, პარლამენტის ერთ-ერთი როლიც სწორედ იმაშიც მდგომარეობს, რომ ჩვენ შევძლოთ სწორი მიმართულება მივცეთ იმ ენეგრგიას, რომელიც ამ სფეროში არსებობს.
ენერგეტიკის დარგის გამართული ფუნქციონირების გარეშე შეუძლებელია ეკონომიკის განვითარება, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესება, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება და ნებისმიერი მიმართულებით ნორმალური საქმიანობა“ – განაცხადა რომან კაკულიამ.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ საქართველოსთვის დიდი მონაპოვარია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება, მაგრამ ამავდროულად ეს დიდ პასუხისმგებლობასაც აკისრებს საქართველოს მთავრობას. გაერთიანებაში არსებობს დირექტივები, რაც საქართველოს კანონმდებლობაში უნდა აისახოს. ეს მოთხოვნები გათვალისწინებულია აღნიშნულ კანონპროექტში, რომლის მიმოხილვაც შეხვედრაზე საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა, გიორგი ჩიქოვანმა გააკეთა.
USAID კავკასიის ეკონომიკური განვითარების ოფისის დორექტორმა ვერონიკა ლიმ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ
„საქართველო ამ ახალი კანონმდებლობის მიღებით ძალიან დიდ ნაბიჯს დგამს სფეროს განვითარების მიმართულებით. ეს ფორმატი კი კარგი შესაძლებლობაა, რომ შევკრიბოთ დაინტერესებული მხარეები და მოვისმინოთ მათი მოსაზრებები კანონპროექტზე“ – აღნიშნა კაკულიამ.
კანონპროექტის საწყისი ვერსიის შესახებ ისაუბრა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ, ირინა მილორავამ.
პარლამენტის წევრებმა, ექსპერტებმა და ინტერესთა ჯგუფების წარმომადგენლებმა დასვეს კითხვები, გამოითქვა შენიშვნები და წინადადებები.
შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ერთობლივი განხილვები გაგრძელდება ვიდრე კანონპროექტი მთავრობიდან პარლამენტს საბოლოო სახით გადმოეცემა განსახილველად.