პოლიტოლოგ ნიკა ჩიტიძის შეფასებით, ბირთვული შეიარაღების გასაზრდელად აშშ-ს რამდენიმე ხელშეკრულების გადახედვა მოუწევს.
როგორც მან “მეტრონომთან” საუბრისას აღნიშნა, შესაძლოა, დონალდ ტრამპმა ამ გზით, რუსეთის იმპერიალისტური მიზნების შეასუსტოს.
„1987 წლის 7 დეკემბერს, რეიგანის საბჭოთა კავშირში ვიზიტის დროს, მასსა და გორბაჩოვს შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, მცირე და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების რაოდენობა ორივე მხარეს 50%-ით უნდა შეემცირებინა. გარდა ამისა, არსებობს ბირთვული შეიარაღების შესახებ 1991 წლის და 2010 წლის ხელშეკრულებები. თუ აშშ გადახედავს ამ ხელშეკრულებებს და მოახდენს ერთ-ერთის დენონსირებას, მაშინ შესაძლებელი იქნება მისი ბირთვული პოტენციალის გაზრდა, თუმცა არ მგონია რუსეთის წინააღმდეგ აშშ-მ ბირთვული იარაღი გამოიყენოს იმიტომ რომ რუსეთიც ფლობს მნიშვნელოვან ბირთვულ იარაღს. სავარაუდოდ, ტრამპს სურს რუსეთს აჩვენოს აშშ-ის ძალა რამაც შესაძლებელია, რუსეთის იმპერიალისტური ამბიციები შეასუსტოს, იმიტომ რომ თავის დროზე, ცივ ომშიც, აშშ-ს გამარჯვება განაპირობა როგორც ნავთობის ფასების დაცემამ, ისე სტრატეგიული თავდაცვის პროგრამამ (SDI) , რომლის შემუშვებაც წელს, რეიგანის ადმინისტრაციამ დაიწყო. ამ პროგრამის მიზანი იყო კოსმოსურ სივრცეში ბირთვული არსენალისა და სასიგნალო სისტემების განთავსება, რისი შესაძლებლობაც სსრკ-ს არ ჰქონდა და იძულებული გახდა, მნიშვნელოვან დათმობებზე წასულიყო. შესაძლებელია აშშ-მ ახლაც ეს ტაქტიკა აირჩიოს და აიძულოს რუსეთი, რომ გაითვალისწინოს ამ ქვეყნის სიძლიერე“, – განმარტავს ნიკა ჩიტიძე.
მისივე თქმით, აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტი 717 მილიარდ დოლარს შეადგენს, რუსეთის კი 245-ს, თუმცა ბირთვული პარიტეტის გამო, ორივე ქვეყანას 1500 ერთეულამდე ბირთვულ ქობინს.
„შესაძლოა, ტრამპის ადმინისტრაციას მიაჩნდეს, რომ ეს არის უსამართლო, და აუცილებელია უპირატესობის მოპოვება ბირთვულ სფეროში. შეიძლება, რუსეთი სარგებლობს კიდეც აშშ-ის კომპრომისებით და ამ ყველაფერს პასუხობს ყირიმზე აგრესიით, უკრაინის წინააღმდეგ აგრესიით, საქართველოს წინააღმდეგ აგრესიით. მართალია, აქ ბირთვული იარაღი არ გამოყენებულა, მაგრამ ჩვენ ვიცით ამხანაგ პუტინის განცხადებები ამ თემაზეც. ვალდაის საკონსტიტუციო ფორუმზე მან ისაუბრა, რომ რუსეთი არ გამოიყენებს პირველი ბირთვულ იარაღს, მაგრამ თუ აგრესორს პასუხს აუცილებლად გასცემს. აღნიშნული განცხადება კი ეწინააღმდეგება რუსეთის თავდაცვის დოქტრინას, რადგან საფრთხის შემთხვევაში იტოვებს უფლებას პირველმა განახორციელოს ბირთვული დარტყმა. ამ ფონზე, ტრამპის ადმინისტრაცია იძულებულია რადიკალური ზომები მიიღოს“, – ამბობს პოლიტოლოგი.
რაც შეეხება ჩინეთს, ნიკა ჩიტიძის განცხადებით, ამ ქვეყნის სამხედრო პოტენციალი ნაკლებია, თუმცა ის აშშ-ს სხვა მეთოდებით უპირისპირდება.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის თავდაცვითი ბიუჯეტი რუსეთისას აღემატება, მისი ბირთვული პოტენციალი შედარებით ნაკლებია. ის მაგრამ აშშ-ს სხვა მეთოდებით, ე.წ. რბილი ძალის პოლიტიკით ებრძვის, სხვა პრიორიტეტები აქვს აღებული, ეკონომიკური პოლიტიკა, დაბალპროცენტიანი სესხების გაცემა, მესამე სამყაროს ქვეყნებზე, რაც იწვევს ჩინეთის ეკონომიკურ და კულტურულ ექსპანსიას. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის მშპ შემცირდა და ამ ეტაპზე 6.5%-ს შეადგენს, მაინც პირველ ადგილზეა ამ მაჩვენებლით“, – დასძენს ჩიტიძე.