ქობულეთში, სოფელ ლეღვაში არასრულწლოვანის ქორწინების ფაქტი დაფიქსირდა. 15 წლის გოგონა სრულწლოვან მამაკაცზე სექტემბერში დაქორწინდა. სკოლის დირექტორი აცხადებს, რომ არასრულწლოვანი ახალი სასწავლო წლის დაწყებიდან სკოლაში არ გამოცხადებულა, 1 ოქტომბერს კი ის სხვა საჯარო სკოლაში გადავიდა. დირექტორი ყვება, რომ მან ფაქტის შესახებ მოგვიანებით შეიტყო და რადგან გოგონა უკვე მათი სკოლის მოსწავლე არ იყო, თავი ვალდებულად არ ჩათვალა მომხდარის შესახებ შესაბამისი სამსახურებისთვის ეცნობებინა.
განმარტებებს აკეთებენ ქობულეთის რესურს ცენტრშიც. უწყებაში აცხადებენ, რომ ფაქტის შესახებ დღეს მედია საშუალებებიდან შეიტყვეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შსს-მ, სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გულისხმობს.