გასულ კვირას საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით, ფარული ჩანაწერები გაავრცელა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა “გურია ნიუსთან” საუბრისას განაცხადა, რომ მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების საქმე.
“ბადრის ნეიტრალიზაცია იყო მაშინდელი ხელისუფლების ამოცანა. ისინი მასში საფრთხეს ხედავდნენ. მის წინააღმდეგ ბრძოლაში მთელი სისტემა მონაწილეობდა. დღევანდელი ხელისუფლების ყველა შტო იმ სისტემის ნამსხვრევებით არის გაჯერებული.
ამ ექვსი წლის განმავლობაში მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ ბადრი და ზურაბ ჟვანია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ მათ ამ საქმეების გამოძიების ნება კი არა აქვთ, არამედ არჩევნების წინ ნაციონალების წინააღმდეგ კომპრომატად იყენებენ.
მე ვიტყოდი, რომ ეს არის დიდი ფარსი და ეს დღესაც გრძელდება. სოციალურ ქსელში დავწერე და აქაც ვიტყვი, რომ ფარისევლები ბადრის საფლავზე ცეკვავენ. აი, ასეთ სახეს ატარებს ეს ყველაფერი.
რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, ბადრის ნეიტრალიზებით ნაციონალები, რა თქმა უნდა, დაინტერესებული იყვნენ და რაღაცებს გეგმავდნენ. ის, რომ ამ იდიოტებმა რაღაც განახორციელეს, ამისგან შორს ვარ.
ბადრი თუ მოკლულია, ის ბევრად უფრო სერიოზული ძალების მიერ არის მოკლული და არა – ამათ მიერ. ჯერ ისიც დასადგენია, რომ ის მოკლულია, მე ამაში დარწმუნებული არ ვარ.
მე ვიყავი ბოლო ადამიანი, ვინც თბილისში ბადრი ნახა. 2007 წლის 3 ნოემბერს შევხვდით ჩვენ ერთმანეთს. შეხვედრა მან მთხოვა. ამის მერე ის გაფრინდა და თბილისში აღარ დაბრუნებულა.
ეს ადამიანები რომ ბადრის ლონდონში მიწვდნენ და სკოტლანდ იარდმა ამაზე ვერაფერი გაიგო, ეს იმდენად სასაცილო თემაა, რომ მისი კომენტირებაც კი ზედმეტია. მე ყველაზე მეტად გულისამრევ ფარისევლობაზე მეშლება ნერვები.
სანამ იქნებიან, ყოველი არჩევნების წინ გაახსენდებათ, როგორც კი არჩევნები გაივლის, ერთიც და მეორეც ყველას დაავიწყდება.
იმ ადამიანების დიდი ნაწილი, ვინც დღეს ყველაზე მეტს ყვირის ბადრის საქმეზე, მისი ნეიტრალიზების თანამონაწილე იყო.
ამ საქმეს პოლიტიკური ლოგიკითაც შევხედოთ. 2007 წლის ნოემბრიდან 2008 წლის თებერვლამდე პერიოდში (ბადრი 2008 წლის თებერვალში გარდაიცვალა) მიშა სააკაშვილის ხელისუფლებას ბადრის ლიკვიდაცია არაფერში სჭირდებოდა. ახლავე გეტყვით, რატომაც, ბადრის ლიკვიდაციის შემთხვევაში საპრეზიდენტო არჩევნებს იგებდა ლევან გაჩეჩილაძე.
მიშა სააკაშვილი არ არის ისეთი იდიოტი, რომ ამას ვერ მიმხვდარიყო. მის ინტერესებში იყო ბადრის დისკრედიტაცია და არა – ლიკვიდაცია. პატარკაციშვილის დისკრედიტაცია მათ მოახერხეს და ეს კოდუას ჩანაწერით მოახერხეს. ამ ჩანაწერის გარშემო შეთქმულების თეორია განავითარეს.
ბადრის მკვლელობას აზრი 2007 წლის 2 ნოემბრამდე ჰქონდა. ვიღაც ბრიყვები შეიძლება რაღაცებს გეგმავდნენ, მაგრამ 2 ნოემბრის შემდეგ მისი ლიკვიდაცია სააკაშვილისთვის, პოლიტიკური ლოგიკით, წამგებიანი იყო. ის ასეთ შემთხვევაში აუცილებლად წააგებდა არჩევნებს.
არჩევნების შემდეგ მის ლიკვიდაციას რაღა აზრი ჰქონდა, მიშას შედეგი უკვე მიღებული ჰქონდა, საპრეზიდენტო არჩევნები მოგებული იყო.
ბადრი პატარკაციშვილი და ზურაბ ჟვანია რომ ცოცხლები ყოფილიყვნენ, ამ ქვეყანაში ყველაფერი უკეთესად იქნებოდა” – განაცხადა გია ხუხაშვილმა.