ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თბილსერვის ჯგუფი”: ადგილი აქვს ვანდალიზმის ფაქტს და მიზანმიმართულ პროვოკაციას

„თბილსერვის ჯგუფი“ ავრცელებს განცხადებას და ეხმაურება სოციალურ ქსელში მოქალაქის მიერ გავრცელებულ ვიდეოს, რომელიც შეეხება დედაქალაქში განთავსებულ სეპარაციის სტენდს. მომხმარებელი ამტკიცებს, რომ სტენდი სეპარირებისთვის არ არის განკუთვნილი. “თბილსერვის ჯგუფის” ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

„თბილსერვის ჯგუფი“ ხაზგასმით აცხადებს, რომ ადგილი აქვს ვანდალიზმის ფაქტს და მიზანმიმართულ პროვოკაციას. დედაქალაქში სპეციალურად შერჩეულ ადგილებზე სეპარაციის ურნების ეტაპობრივი განთავსება დაიწყო, რომლის პრეზენტაციაც მიმდინარე წლის ნოემბერში არის დაგეგმილი. შესაბამისად, ყველა სტენდი დალუქულია და არ არის შესული ექსპლუატაციაში.

სამწუხაროდ, ერთ-ერთ მისამართზე (მეტროსადგურ უნივერსიტეტის მიმდებარედ), მოხდა მიზანმიმართული ქმედება – სეპარაციის დალუქული სტენდი, პრეზენტაციამდე რამდენიმე ხნით ადრე, თვითნებურად იქნა გახსნილი, რაც არის ვანდალიზმი.

მივმართავთ მოქალაქეებს, ნუ შეუშლიან ხელს მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ პროექტებს და აქვე შევახსენებთ, მუნიციპალური ქონების დაზიანება არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება და ისჯება კანონის შესაბამისად.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის პროგრამის „შენი იდეა ქალაქის მერს“ ფარგლებში, მოქალაქემ მომართა მერიას ქალაქ თბილისი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მომხდარიყო ნარჩენების სეპარაციის სისტემის დანერგვა, რაც გულისხმობს ნარჩენების დახარისხებას და ასევე, დახარისხებული ნარჩენების ხელახლა გამოყენებისა და რეციკლირების ხელშეწყობას. სწორედ ამ იდეის ფარგლებში, 2018 წლის აგვისტოში, ნარჩენების სეპარაციის სისტემის დანერგვისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, შპს „თბილსერვის ჯგუფს“, „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელსა“ (CENN) და ნარჩენების მართვის ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორის ურთიერთთანამშრომლობას მერიის პროექტის ფარგლებში და მიზნად ისახავს საქართველოს კანონის ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად დედაქალაქში ნარჩენების სეპარაციის სისტემის ეტაპობრივი დანერგვის და ამ მხრივ, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას. მემორანდუმის ფარგლებში, განთავსდა სეპარაციის სტენდები 13 ლოკაციაზე, სტენდი შედგება ოთხი ფრაქციისაგან (მინა, ქაღალდი, მეტალი და პლასტიკი). დღეის მდგომარეობით, სტენდები არ არის მზად სრულყოფილი ექსპლუატაციისათვის, რადგან შესაბამისი აღჭურვილობის დამატებას საჭიროებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....