„კურიერის“ ინფორმაციით, გატაცებული 25 წლის კაცი, ბიზნესმენ ამირან დეკანოსიძის შვილი, გიორგი დეკანოსიძეა. ტელეკომპანიის ცნობით, შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ის თბილისიდან გაიტაცა და გამოსასყიდის სახით 3 მილიონ ლარს ითხოვდა.
“რუსთავი 2”-ის ცნობითვე, ბიზნესმენი, რომლის შვილიც შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს, რესტორნებს და ბენზინგასამართ სადგურს ფლობს.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვლადიმერ ბორცვაძე ამბობს, რომ დაკავებულები გამოსასყიდის სახით, დაახლოებით, 3 მილიონ ლარს ითხოვდნენ.
„თბილისსა და იმერეთში, ერთობლივად ჩატარებული რამდენიმე სპეცოპერაციის შედეგად 10-კაციანი დანაშაულებრივი ჯგუფი დააკავეს. დაკავებულებმა მიმდინარე წლის რამდენიმე დღის უკან, დაზარალებულს თბილისის ერთ-ერთ უბანში უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, გაიტაცეს და მისი ოჯახის წევრებს გამოსასყიდის სახით სთხოვდნენ, დაახლოებით, სამ მილიონ ლარს,“ – განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.
პოლიციამ გ.დ. ოჯახში უვნებლად დააბრუნა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით მიმდინარეობს.