მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო კავშირების განყოფილების მდივანმა, იგორ იაკიმჩუკმა განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს და რუს ტურისტებს კონსტანტინოპოლის ეკლესიებში ლოცვა ეკრძალებათ.
მისი თქმით, მრევლის წარმომადგენლები, რომლებიც აღნიშნულ აკრძალვას არ დაემორჩილებიან, ვალდებულები იქნებიან, აღსარება ჩააბარონ და ცოდვა მოინანიონ.
ანალოგიურ ქმედებაში შემჩნეულ მღვდელმსახურებს კი, საეკლესიო სასჯელი ელით. კერძოდ, მათ დროებით ან სამუდამოდ აუკრძალავენ ღვთისმსახურებას ან ეკლესიიდან განკვეთენ.
იმ ტაძრებს შორის, სადაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისთვის ლოცვა აკრძალული იქნება, არის მართლმადიდებლური ეკლესიები სტამბოლში და ერთი ტაძარი ანტალიაში. აკრძალვა ასევე შეეხება საბერძნეთში მდებარე რამდენიმე ეკლესიას. მათ შორის კრეტაზე, დოდეკანესზე როდოსსა და ათონის მთაზე მდებარე ეკლესიებს.
შეგახსენებთ, რუსეთის საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან ევქარისტული კავშირის სრულად გაწყვეტის თაობაზე.
რუსეთის საპატრიარქო 11 ოქტომბერს კონსტანტინოპოლში მიღებულ გადაწყვეტილებას უკანონოდ ცნობს. საუბარია მსოფლიო საპატრიარქოს მიერ კიევის პატრიარქის, ფილარეტისა და მიტროპოლიტ მაკარისთვის ანათემის მოხსნის და იმ სინოდალური გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, რომლითაც მოსკოვის პატრიარქს კიევის მიტროპოლიტის ხელდასმა შეეძლო.
როგორც მიტროპოლიტმა ილარიონმა განაცხადა, რუსეთი არასდროს აღიარებს ამ გადაწყვეტილებას და განხეთქილება შენარჩუნდება.