აქტუალური თემა ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ექსკლუზივი: რამდენი მილიონი დაჯდა მერაბიშვილის საკნიდან გამოყვანა

“მეტრონომის” ექსკლუზიური ინტერვიუ სასჯელაღსრულების პრესცენტრის ყოფილ უფროსთან, ირაკლი კორძაიასთან

საქართველოს ყოფილ პრემიერთან, ვანო მერაბიშვილთან გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ და იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში ყოფილი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის გვარის ხშირად გაისმის, ისევ საინტერესოდ იქცა ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის თემა. ყოფილი პრემიერის საპატიმროდან გაყვანას მაშინ,  სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთაც. ამასთან დაკავშირებით “მეტრონომი” უცხოეთში დაუკავშირდა იმდროინდელი სასჯელაღსრულების უწყების პრესცენტრის უფროსს ირაკლი კორძაიას, რომელიც იძულებული გახდა საქმიანობა საზღვარგარეთ გაეგრძელებინა.

“მეტრონომი”: ირაკლი გამარჯობა, როგორ ხარ? გუშინ, ალბათ, მოუსმენდი ფარულ აუდიოჩანაწერს და მერაბიშვილთან ინტერვიუს. ფარცხალაძის გვარი ისევ ამოტივტივდა… ის “ომეგა ჯგუფის” სკანდალში ფიგურირებს…

ირაკლი კორძაია: კი რა თქმა უნდა, და არაფერი გამკვირვებია. ფარცხალაძეს და იმდროინდელ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, დარბაისელს საჩუქრები ტყუილად არ დაურიგეს. ფარცხალაძის ბიზნესებზე და ქონებებზე აღარ შევჩერდები, ყველამ ნახეთ, თუ რა ბიზნესებს და ქონებას ფლობს ეს ადამიანი. რაც შეეხება დარბაისელს, მას მიწები აჩუქეს და სერიოზული მშენებლობები განახორციელა. მეტი რაღა უნდა თქვას კაცმა, ყველაფერი თვალნათელია…

ფარცხალაძეზე ხმას ვინ ამოიღებს? ვინ იტყვის რამეს? ბევრს ეშინია ავარიების და სარდაფში ჩაყვანის და სიჩუმეს ამჯობინებენ.

– რა დამსახურება აქვს ამისთანა ფარცხალაძეს, რომ ასეთ პატივშია?

– არვიცი, ვერაფერს გეტყვით… ალბათ აქვს…

– გუშინ, მერაბიშვილის ინტერვიუში ისევ გაიჟღერა მისი საკნიდან გაყვანის თემამ, პროკურატურა არ დაგკავშირებია? მას ხომ უნდა გამოეკითხე ამ თემაზე?

– თითქოს შევთანხმდით, რომ ჩემი გამოკითხვა სკაიპით უნდა მომხდარიყო. შევთანხმდით დღეზე და დროზე, მაგრამ დათქმულ დრომდე დამიკავშირდა პროკურატურა და მითხრა, რომ ტექნიკური პრობლემები გვაქვს და სკაიპით გამოკითხვას ვერ ვახერხებთო? არ მესმის, 21-ე საუკუნეში, ძალოვან უწყებას ასე უჭირს, რომ ტექნიკურად გამართოს სკაიპით გამოკითხვის ჩატარება? არ მგონია, ვფიქრობ, პროკურატურას არ აწყობს ამ თემის წამოწევა, რადგან ჩემგან მათთვის სასიკეთო ინფორმაცია ვერ გაჟღერდება. ალბათ, ურჩევნიათ, როგორმე თემა მიაჩუმათონ და დღის წესრიგში არ დააყენონ ისევ…

– ირაკლი, რამე დამამტკიცებელი საბუთი, დოკუმენტი, ჩანაწერი თუ გაქვს ისეთი, რომელსაც პროკურატურას წარუდგენდი და დაამტკიცებდი, რომ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა ნამდვილად მოხდა.

მე მაშინ პრესცენტრის უფროსი ვიყავი და გარკვეული ინფორმაციები ჩემამდე მოდიოდა. რა საბუთებია საჭირო მეტი… ჩემამდე მოდიოდა ინფორმაცია. აბა, საკნიდან მერაბიშვილის გაყვანის დროს, ვიდეოკამერით მე იქ არავინ მიმიყვანდა.

– საბუთი თუ არა, რაიმე არგუმენტი, სიახლე შეგიძლია გვითხრა, ისეთი, ან დეტალი, რომელიც კიდევ ერთხედ დაადასტურებდა მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტს?

– მეტი რაღა უნდა ვთქვა. გავიგე თუ არა ეგ ამბავი, მეორე დღეს ჩემ ირგვლივ საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები, ჩემი თანდასწრებით საუბრობდნენ დეტალებზე. მათ დაადასტურეს ჩემთან მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტი… ჩემი დამოკიდებულება სააკაშვილის და მერაბიშვილის მიმართ საქვეყნოდ ცნობილია, მაგრამ ჩემთვის მიუღებელია მათივე მეთოდებით დავსაჯოთ და შევავიწროვოთ პატიმარი, ვინც არ უნდა იყოს ის…

– სოზარ სუბარიც იყო ამ საუბრის დროს?

კი რა თქმა უნდა იყო… სუბარმაც მითხრა…

– პირადად მანაც გითხრა და დაგიდასტურა მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტი?

კი რა თქმა უნდა…

– არავის უთქვამს, ან სოზარს ან სხვა ვინმეს, თუ რას თხოვდნენ, რას მოითხოვდნენ მერაბიშვილისგან?

– დეტალებში შესვლა ჯერ არ მინდა. არ მგონია ჩემთვის მომგებიანი იყოს პროკურატურისთვის წინასწარ შეტყობინება ყველაფრის. ეს მათ უპირატესობას მისცემს და არ მინდა… თუმცა, თუ დაფიქრებულხარ, რა დაუჯდა ქვეყანას მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა? კოლოსალური პრემიები დარიგდა, საუბარი მაქვს 3-4 მილიონზე მინიმუმ. აღარაფერს ვამბობ ქვეყნის იმიჯის შელახვაზე… აღარაფერს ვამბობ საერთაშორისო ორგანიზაციების გამოხმაურებაზე.

მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შემდეგ, რომელშიც ფარცხალაძე და დარბაისელი მონაწილეობდნენ, მეორე დღეს უცხოეთის საელჩოებიდან რეკავდნენ და განმარტებებს ითხოვდნენ. მე პრესცენტრის უფროსი ვიყავი და სათქმელი არაფერი მქონდა. ვიცოდი რაც მოხდა და რა მეთქვა საზოგადოებისთვის?!

– ის მაინც მითხარი, რომ ვანო მერაბიშვილს რასაც თხოვდნენ, ეს სააკაშვილის შესახებ ინფორმაციის მიღებასთან იყო დაკავშირებული?

– არ მინდა დეტალებში შესვლა, ერთი ფაქტია, რომ მერაბიშვილის საკნიდან გაყვანა მოხდა და ამის შესახებ ჩემთან ისაუბრეს და დაადასტურეს საკმაოდ მაღალმა თანამდებობის პირებმა…

– მაშინ სისტემაში არჩილ თალაკვაძეც მუშაობდა, ის საქმის კურსში იქნებოდა მერაბიშვილის გაყვანაზე? საერთოდ, შესაძლოა ის ყოფილიყო ბრძანების გამცემი?

ბრძანების გამცემი, არ მგონია, თუმცა არც ის ვიცი, ის იყო თუ არა საქმის კურსში, მაგრამ ფაქტია, რომ ის იყო და კურირებდა საკნიდან გაყვანა-გამოყვანის საკითხებს… მას ეკავა შესაბამისი თანამდებობა, რომელიც უშუალოდ კურირებს მსგავს ღონისძიებებს.

გენო ჯოხიძე

იტვირთბა....