ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი

მსოფლიო ბაზარზე კანაფზე მოთხოვნა ორმაგდება – ფინანსთა მინისტრის მოადგილე

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, მსოფლიო ბაზარზე კანაფზე მოთხოვნა ორმაგდება და თუ საქართველოც გავა ამ ბაზარზე, ეს ქვეყანას დიდ შემოსავალს მოუტანს.

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროგნოზით, დაახლოებით 2025 წლამდე სამედიცინო მარიხუანის პროდუქციის გამოშვება ორმაგდება და დაახლოებით 25-დან 50 მლრდ დოლარამდე იზრდება – როცა არის პოტენციალი, რომ ამ მიმართულებით მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა ორმაგდება, მისი თუნდაც 1% საქართველომ რომ დააკმაყოფილოს, დიდი შემოსავალი იქნება ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

მისივე თქმით, კანაფის მოყვანა-კულტივაციის კანონპროექტში ეკონომიკაში დამატებით შემოსავლებზე იყო აქცენტი გაკეთებული.

„ეს ძალიან ბევრ დაშვებაზეა დამოკიდებული, თუ რა ტიპის კანონი იქნება მიღებული, თუ საერთოდ იქნა კანონი მიღებული, რა დაშვებები იქნება კანონით, რამდენი ლიცენზიანტი შეიძლება არსებობდეს და რამდენი ჰექტარი შეიძლება არსებობდეს“, – განაცხადა კაკაურიძემ.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტის განხილვა 2 თვით გადაავადა. შესაბამისი მოთხოვნით, საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა მიმართეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ დამატებითი კონსულტაციების გამო კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია და შესაბამისად, გადავადებასაც საჭიროებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი მარიხუანის სამედიცინო მიზნით დათესვას, მოყვანასა და კულტივაციას გულისხმობს. კანონპროექტის თანახმად, მარიხუანის მხოლოდ ექსპორტი იქნება დაშვებული.

იტვირთბა....