მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის გადამღებ ჯგუფს, ჟურნალისტ ეკა გაგუას და ოპერატორ ლევან კალანდიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრები ტელეკომპანიამ გაავრცელა. გადამღებ ჯგუფს “ჩინეთის რკინიგზის” 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლები გაუსწორდნენ.
ჟურნალისტების ინფორმაციით, ჟურნალისტები რეპორტაჟს რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდნენ. ვიდეომასალის გადაღების დროს კი ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ ჟურნალისტს კამერა წაართვეს და მოპოვებული ვიდეომასალის წაშლა სცადეს, რამდენიმე საათის განმავლობაში ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა კომპანიის წარმომადგენლებს ჰქონდათ ჩაკეტილი. (იხილეთ ვიდეო)
„ჩვენ დღეს დილიდან წამოვედით, რომ მოგვემზადებინა სიუჟეტი ახალ სარკინიგზო მაგისტრალთან დაკავშირებით. მივედით იმ ობიექტზე, საიდანაც ხდება გვირაბების მშენებლობა და არის სამშენებლო ობიექტი, შევედით ობიექტზე ფეხით მე და ჩემი ოპერატორი. იქ არანაირი გაფრთხილება, რომ არ შეიძლებოდა უცხო პირთა შესვლა, არ ყოფილა. დავიწყეთ გადაღება, რა დროსაც თავს დაგვესხნენ ტელეკომპანიის წარმომადგენლები და ფიზიკურად გაგვისწორდნენ,“ – განაცხადა ჟურნალისტმა ეკა გაგუამ.
“საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია”, რომელიც საქართველოში წარმოადგენს “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციას” (IFJ) და “ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციას” (EFJ) მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, სასწრაფოდ მოხდეს რეაგირება და უმოკლეს ვადებში მოხდეს დამნაშავეების გამოვლენა, მითუმეტეს, როცა არსებობს ვიდეომტკიცებულება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, კონსტიტუციური სივრცის ფარგლებში მიმართოს პროტესტის ფორმებს და მაქსიმალურად გამოიყენოს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბერკეტები სამართლიანი გამოძიების და ობიექტური შედეგის დადგომის მიზნით.
ამ წერილის ასლი გაეგზავნება “ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციისა” (IFJ) და “ევროპის ჟურნალისტთა ფედერაციის” (EFJ) ხელმძღვანელობას.