ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტის ცვლილებების შესახებ რეზოლუციის პროექტი ავტორმა, ბელგიელი პეტრა დე სუტერიმა უკან გაიწვია.
მისივე თხოვნით, რეზოლუციის პროექტი კომიტეტს დაუბრუნდება.
რეზოლუციის პროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილება ავტორმა მას შემდეგ მიიღო, რაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე პროექტთან დაკავშირებით მწვავე დებატები გაიმართა.
დეპუტატების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ რეგლამენტის ცვლილებები სინამდვილეში რუსეთის დელეგაციისთვის სანქციების მოხსნას ისახავს მიზნად.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს დელეგაციის წევრი თამარ ჩუგოშვილი. მისი თქმით, არ შეიძლება მოხდეს პრეცედენტის დაშვება, როდესაც ქვეყანას, რომელიც ევროსაბჭოს ვალდებულებებს უარყოფს, განსაკუთრებულად ექცევიან.
რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმის უფლება 2014 წელს, ყირიმის ანექსიის გამო ჩამოართვეს. მოგვიანებით რუსეთმა ორგანიზაციის მუშაობაში მონაწილეობაზე და საწევროს გადახდაზე უარი განაცხადა.